ქართულმა ოცნებამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ჩამგდები სამი დეპუტატი დააწინაურა. ხუთ კომიტეტში სამი სწორედ ამ კანონპროექტის ჩამგდები დეპუტატია.

  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი — გურამ მაჭარაშვილი (ხმა არ მისცა);
  • ევროინტეგრაციის კომიტეტი — დავით სონღულაშვილი (ხმა არ მისცა);
  • გარემოს დაცვის კომიტეტი — ნინო წილოსანი (ხმა არ მისცა);
  • განათლების კომიტეტი — გენადი მარგველაშვილი;
  • საგარეო საქმეთა კომიტეტი — ირაკლი ბერაია.

კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ "იმედგაცრუებული იყო იმით, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა მის ინიციატივას". მისი თქმით, წუხდა იმის გამო, რომ კანონპროექტი მაჟორიტარებმა ჩააგდეს.

გარდა ამისა, დღევანდელ სხდომაზევე დაამტკიცეს ვიცე-სპიკერები. პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილს გია ვოლსკი შეცვლის, ვიცე-სპიკერები იქნებიან გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე და კახა კუჭავა.

ბოლო დღეების მოვლენები — მოკლედ

თბილისის ქუჩები პროტესტმა მას შემდეგ მოიცვა, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა. მმართველმა პარტიამ ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციური პარტიები საერთო მოთხოვნის ირგვლივ გააერთიანა — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება. მოთხოვნას იზიარებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და მოძრაობა ქვეყნის სამსახურში.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს 37 აქტივისტი, მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისები და ოლქები.

შეგახსენებთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ბიძინა ივანიშვილმა დადო, როდესაც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი დაიწყო. პროპორციული სისტემა აქცია #სირცხვილიას მთავარი მოთხოვნა იყო.