პოლიციამ ევროპული საქართველოს ორი წევრი დააკავა, მათ აქციისთვის სატვირთო ავტომობილით შეშა და კარვები გადაჰქონდათ. დაკავებულთაგან ერთ-ერთი პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი, კობა ზაქარეიშვილია. ავტომობილი საპატრულო პოლიციამ საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა.

ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა TV პირველთან საუბარში განაცხადა, რომ ავტომობილი იუსტიციის სახლთან საპატრულო პოლიციის ოთხმა ეკიპაჟმა გააჩერა. მისივე ინფორმაციით, მანქანა დატვირთული იყო შეშითა და კარვებით, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეები საღამოს პარლამენტის პიკეტირების დროს გათბობას აპირებდნენ.

ნადირაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მანქანა საპატრულო პოლიციამ გააჩერა, მათ დაკარგეს კავშირი პარტიის თანამშრომლებთან, მათი ტელეფონები გამორთულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარ ფაქტზე დაკავებული ორივე პირის მიმართ, საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით აღიძრა, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს და იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 4 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

ოპოზიციის განცხადებით, დღეს ისინი კვლავ შეეცდებიან პარლამენტის შენობის პიკეტირებას.

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების ე.წ. აჯანყებულმა დეპუტატებმა ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლითაც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნები სრულად პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების საერთო პროტესტი დაიწყო. დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ერთი მოთხოვნის ირგვლივ გააერთიადნენ — ვადამდელი არჩევნების პროპორციული სისტემითა და ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარება.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. აქციის დაშლის შემდეგ დააკავეს 37 აქტივისტი, მათ ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისები და ოლქები.

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პირობა ბიძინა ივანიშვილმა დადო, როდესაც 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამო პროტესტი დაიწყო. პროპორციული სისტემა აქცია #სირცხვილიას მთავარი მოთხოვნა იყო.