გამოცემა ტაბულას ჟურნალისტი, თიკო ერაძე მანდატურებმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ის სხვა ჟურნალისტებთან ერთად კომიტეტის თავმჯდომარის მაგიდასთან იდგა, როცა ერთ-ერთმა მანდატურმა მას ხელი მოჰკიდა და დარბაზიდან გაათრია.

განახლება: 12 დეკემბრის მოვლენები მოკლედ

დღეს, 12 დეკემბერს სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებმა და პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება სცადეს, თუმცა დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ. აქციაზე პოლიციამ ჯამში 16 პირი დააკავა.

პარლამენტის უპარტიო დეპუტატი, ეკა ბესელია ამბობდა, რომ მოსამართლეთა არასასესიო კვირაში არჩევა პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგებოდა. ის რამდენიმე წუთის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარეს არ აძლევდა საშუალებას კანდიდატურები განეხილათ.

პროცესის ჩასაშლელად კენჭისყრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პლენარულ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა. ამ მიზეზით სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს დეპუტატებს და კენჭისყრამ რამდენიმე საათით გადაიწია. საქმეზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო. ამ მუხლით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მინიმუმ 3-წლიანი პატიმრობით ისჯება. ქართულმა ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა მომხდარი ტერორისტულ აქტად, დანარჩენებმა კი ქიმიურ თავდასხმად შეაფასეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა #სირცხვილიამ აიღო.

საბოლოოდ, კენჭისყრა მაინც ჩატარდა და ქართულმა ოცნებამ 14 მოსამართლე უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშნა.