ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია ფეისბუქგვერდზე აქვეყნებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილს, სადაც წერია, რომ ნოტარიუსად მუშაობა პოლიტიკური შეფასებების გამო შეუზღუდეს. მან On.ge-სთან საუბარში განმარტა, რომ ეს მის წინააღმდეგ დაწყებული დისციპლინური წარმოების მეორე წერილია და ამ კონკრეტულში ისიც არ წერია, თუ რომელ ფეისბუქპოსტს გულისხმობენ.

"გენერალური ინსპექციის სამსახურეობრივი შემოწმების სამმართველოს თანამშრომლის მიერ გადამოწმდა თქვენი, როგორც ნოტარიუსის ბაჩანა შენგელიას ფეისბუქგვერდზე საჯაროდ გამოქვეყნებული ინფორმაცია (შემოწმდა ბოლო ერთთვიანი პერიოდი). შედეგად დადგინდა, რომ თქვენ — ნოტარიუსი ბაჩანა შენგელია საჯარო სოციალური გვერდის მეშვეობით, ახორციელებთ მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულების საჯაროდ გამომჟღავნებას და აკეთებთ პოლიტიკურ შეფასებებს", — წერია წერილში, რომელსაც ბაჩანა შენგელია აქვეყნებს.

ფოტო: ბაჩანა შენგელია / Facebook

მისივე თქმით, ეს წერილი მას დღეს, 29 ივნისს ჩაბარდა და დათარიღებულია 24 ივნისით:

"ეს დღეები ვერ ჩაგაბარეთო, მომახსენეს. ძალიან გთხოვთ, ყველამ წაიკითხოთ. ეს არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებს ჩემს ფეისბუქ-პოსტებს თურმე ბოლო ერთი თვე და იუსტიციის მინისტრი იწყებს მორიგ დისციპლინურ წარმოებას მონიტორინგის საფუძველზე. ველოდი, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ".

ბაჩანა შენგელიას თქმით, ჯერ იუსტიციის სამინისტროში შეეცდება მისი სიმართლის დამტკიცებას და შემდეგ საერთო სასამართლოებშიც, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოშიც დაიწყებს დავას.

"საკონსტიტუციოში გავასაჩივრებთ იმ ნორმას, რომლითაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა მოსთხოვეს ნოტარიუსებს. ყველა კომპეტენტურ ინსტანციაში ვიდავებთ აბსოლუტურად და ვნახოთ".

იუსტიციის მინისტრმა ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეჩერების შესახებ ოპოზიციის კითხვებს პარლამენტში უპასუხა. თეა წულუკიანის თქმით, ნოტარიატის შესახებ კანონით, პოლიტიკურ საქმიანობაში ნოტარიუსის ჩარევა აკრძალულია. მან ოპოზიციას მოუწოდა, ნუ "აპოლიტიზებს" თემას და ნუ აფიქრებინებენ, რომ "ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის".

ბაჩანა შენგელიამ 24 ივნისს გაავრცელა განცხადება, რომ მას იუსტიციის სამინისტრომ სანოტარო საქმიანობა კანონიერი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით შეუზღუდა. On.ge-სთან საუბარში იგი ჰყვებოდა, რომ მას 18 ივნისს გაუთიშეს სერვერი. მისივე თქმით, მუშაობის შეზღუდვიდან ოთხი დღის შემდეგ, 22 ივნისს აღძრეს დისციპლინური საქმე მის წინააღმდეგ, "აბსურდული და გაურკვეველი მიზეზით".