"იბრძოლე ცხოველთა უფლებებისთვის!" — ასეთი სლოგანი ჰქონდა აქციას, რომელიც 4 ოქტომბერს თბილისის საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. აქციის ინიციატორი ცხოველთა უფლებადამცველებთან ერთად საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება (GSPSA) იყო, მისი მხარდამჭერი კი მსოფლიოს უდიდესი ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაცია — PETA.

გერმანელმა მწერალმა და გამომცემელმა, ჰაინრიხ ციმერმანმა, ცხოველთა მსოფლიო დღე პირველად 1925 წლის 24 მარტს აღნიშნა, 1929 წლიდან მოყოლებული კი ცხოველთა დამცველები და აქტივისტები ამ დღეს 4 ოქტომბერს აღნიშნავენ. თარიღი სიმბოლურია — 4 ოქტომბერი წმინდა ფრანცისკე ასიზელის ხსოვნის დღეა, რადგან კათოლიკე წმინდანი და ფრანცისკანელთა ორდერის დამფუძნებელი, რომელსაც, გადმოცემით, ცხოველებთან ლაპარაკი შეეძლო, ამ დღეს გარდაიცვალა. მას მიმდევრები ეკოლოგიისა და ცხოველთა მფარველ წმინდანად მიიჩნევენ.

ციმერმანი დაუღალავად ცდილობდა, ეს დღე პოპულარულად ექცია, თუმცა, თავდაპირველად 4 ოქტომბერს მხოლოდ გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიასა და ჩეხოსლოვაკიაში აღნიშნავდნენ. მოგვიანებით, 1931 წლის მაისში, იტალიის ქალაქ ფლორენციაში, ცხოველთა უფლებადამცველი ორგანიზაციების კონგრესმა ეს დღე ერთხმად ცნო.

ქართველი ცხოველთა მოყვარულები და აქტივისტები მსოფლიოს ამ დღის აღსანიშნავად 2011 წელს შეუერთდნენ. წლეულსაც, მიუხედავად პანდემიისა, ისინი კვლავ გაერთიანდნენ იმ იდეის გარშემო, რასაც სახეობათა თანასწორუფლებიანობა ჰქვია.

ფოტო: GSPSA - Georgian Society for the Protection and Safety of Animals

აქცია, რასაკვირველია, ფიზიკური დისტანციის დაცვით გაიმართა. მონაწილეების შავ ფერში გადაწყვეტილ პირბადეებზეც თემატური წარწერა — "იყავი მათი ხმა! Speak up for those who can't" — იყო დატანილი, თუმცა გარემოებებს ხელი არ შეუშლიათ, აქტივისტებს საკუთარი მოწოდებები მკაფიოდ გაეჟღერებინათ.

ფოტო: ლიკა ბაციკაძე

ფოტო: ლიკა ბაციკაძე

ფოტო: ლიკა ბაციკაძე

"ცხოველთა მსოფლიო დღე არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღონისძიება ცხოველთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით და არაერთ ქვეყანაში აღინიშნება, მათ შორის, ისეთ სახელმწიფოებშიც, სადაც კანონმდებლობაც მოწესრიგებულია, ხელისუფლებასაც სწორი ხედვა აქვს და ადამიანების ცნობიერებაც მაღალია", — ამბობს აქციის თანაორგანიზატორი, GSPSA-ის თავჯდომარე და 4 ოქტომბრის ამბასადორი საქართველოში, თეიმურაზ წიქორიძე, — "ეს ღონისძიება მხოლოდ აღნიშვნასთან არაა დაკავშირებული. უპირველესად მისი საშუალებით ჩვენ მსოფლიო საზოგადოების ნაწილი ვხდებით".

"ახლა სპეცისიზმის დაძლევის ჯერია"

4 ოქტომბრის მნიშვნელობაზე და ამ დღის მრავალგვარ დატვირთვაზე საუბრობს ცხოველთა უფლებადამცველი და აქტივისტი, ლიკა ბაციკაძე, რომლისთვისაც აქციაში მონაწილეობის უმთავრეს მოტივაციას საზოგადოების მგრძნობელობისა და ემპათიის გაზრდა და შესაბამისი სტრუქტურებისადმი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოწოდება წარმოადგენს.

"ცხოველების კეთილდღეობასთან დაკავშირებული საკითხები ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე ამას საზოგადოება მიიჩნევს. კერძოდ, აღნიშნული მჭიდრო კავშირშია ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებთან, როგორებიცაა: შიმშილის კრიზისი მსოფლიოში, სუფთა წყლის დეფიციტი, ძალადობრივი გარემო, ზოოზონური დაავადებები და ეკოლოგიური პრობლემები", — აღნიშნავს ბაციკაძე, — "4 ოქტომბრის აღნიშვნის არსი, ჩემთვის მიზნობრივი ღონისძიებებით საზოგადოებისთვის იმ მნიშვნელოვანი მესიჯების მიწოდებაში მდგომარეობს, რომლებიც სხვა ცოცხალი არსებების მიმართ ეთიკური დამოკიდებულების გაღვივებასა და პიროვნული პასუხისმგებლობის გააზრებას შეუწყობს ხელს. სამწუხაროდ, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველდღიურად უამრავი ცხოველი ხდება სასტიკი მოპყრობისა და ექსპლუატაციის მსხვერპლი, მათ შორის: კვების, ტანსაცმლის, მედიკამენტების, კოსმეტოლოგიური საშუალებების თუ საყოფაცხოვრებო ქიმიის ინდუსტრიაში. ასევე, განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გაუმართლებელი პრაქტიკა, რაც მდგომარეობს ცხოველების გასართობი და სხვა მიზნებისთვის გამოყენებაში. ამის ნათელი მაგალითია: ზოოპარკი, დელფინარიუმი, საცირკო წარმოდგენები, ცხოველთა მონაწილეობით მოწყობილი ორთაბრძოლები".

ბაციკაძე წლებია, ვეგანია — საკუთარი ცხოვრების სტილით ცხოველების ყველა სახის ექსპლუატაციას ეწინააღმდეგება — და წარსულში ცხოველთა უფლებების დასაცავად არაერთ კამპანიასა და აქციას ჩაუდგა სათავეში. მათ შორის იყო გასული წლის კამპანია #ცირკიცხოველებისგარეშე, რომელმაც, მისივე თქმით, ცხოველების გასართობ ინდუსტრიაში გამოყენების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერება აამაღლა და დისკუსიის დაწყებას შეუწყო ხელი, თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია — პირველ რიგში, საჭიროა ცხოველთა კეთილდღეობისა და მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის სფეროში არსებული კანონმდებლობის დახვეწა, მისი ჰარმონიზება როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ისე, არსებულ გამოწვევებთან. ბაციკაძე დასძენს, რომ 4 ოქტომბერი აქტივისტებს სწორედ იმის საშუალებას აძლევს, მათ შესაბამისი უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხმის მიწვდენა შეძლონ.

ფოტო: მარიამ შენგელია / On.ge

"თუ დავუკვირდებით, ადამიანის უფლებების ჭრილში, იმ საზოგადოებრივი სიკეთეების მოპოვება, რომლებიც, გარკვეულწილად, წარმოადგენს შედეგს რასიზმთან, ქსენოფობიასთან, სექსიზმთან თუ რელიგიურ შეუწყნარებლობასთან ბრძოლისა, მოხდა დაუღალავი წინააღმდეგობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ხარჯზე. სწორედ, ამ ციკლს გადის სამყარო ცხოველებთან მიმართებითაც", — დასძენს ბაციკაძე.

"ლიცენზირებული მკვლელები"

კანონმდებლობის პრობლემაზე საუბრობს წიქორიძეც. იგი ასევე ხაზს უსვამს საზოგადოებაში ცხოველთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ნაკლებობას — გარდა ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტების გახშირებისა, მისი თქმით, ადამიანები არ ფიქრობენ, რამდენად ცუდ მდგომარეობაში უხდებათ თუნდაც ფერმის ბინადრებს ყოფა.

"რამდენიმე პეტიცია გვაქვს შეტანილი, ასევე გამოქვეყნებული. ამ პეტიციებს ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია", — აცხადებს წიქორიძე, — "შეხვედრებიც მქონდა პარლამენტში ჩემი მოთხოვნით, თუმცა, სამწუხაროდ, არცერთი ხელისუფლება ამ საკითხით დღემდე არ დაინტერესებულა. ისინი ცხოველს ბიზნესის თვალსაზრისით უყურებენ — ფერმებში მოსაშენებლად.

"ბევრი კანონი არ გვაქვს, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსში 259-ე მუხლის გამკაცრებაზე საუბარი გასულ წლებში მტკნარი სიცრუეა. შეიძლება ითქვას, შერბილებულიცაა. იგი 'გამკაცრებამდეც' მკვდარი მუხლი იყო, თუმცა ცვლილების შემდეგ აღკვეთი ღონისძიებების სახით უფრო ლმობიერი მიდგომებიც დაემატა. ამასთან, ამ მუხლით არავინ გასამართლებულა ერთი-ორი შემთხვევის გარდა და ესეც ის შემთხვევებია, როცა სხვა დანაშაულზე მუხლის დამატება მოხდა. დანარჩენ შემთხვევებში სამართალდამცავი ორგანოები საერთოდ არ რეაგირებენ, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის შემთხვევები ხშირია".

ცხოველთა მსოფლიო დღის ამბასადორი ასევე ეხება ნადირობის პრობლემასაც.

"საქართველოში 100 ათასზე მეტი ოფიციალური მონადირეა და ალბათ 300 ათასამდე ბრაკონიერი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დიფერენციაციას ცდილობენ — ერთი მონადირეა, მეორე კი ბრაკონიერი — ჩემთვის ეს ორივე ცნება ერთი და იგივეა", — ამბობს წიქორიძე, — "21-ე საუკუნეში ეს საქმიანობა სპორტულ ჟინს უფრო უკავშირდება. წარსულში, შესაძლოა, მას უძებნიდნენ გამართლებას იმ თვალსაზრისით, რომ თუ ადამიანს პროფესია არ ჰქონდა, თავის თავსა და ოჯახს ნადირობით არჩენდა. მაშინ ალბათ ბევრს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, თუმცა დღესდღეობით როდესაც ტყეში მიდიან და უმოწყალოდ ხოცავენ ცხოველებსა და ფრინველებს, ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიურ პრობლემებს უკავშირდება და გარკვეულწილად ავადმყოფური მიდრეკილებაა. მათ სიამოვნებთ ცოცხალის მოკვლა, თუმცა ამას რეაგირება მხოლოდ მაშინ მოჰყვება, თუკი მოკლული არსება წითელ ნუსხაშია შეტანილი. ცხოველებს, განურჩევლად სახეობისა, სიცოცხლე უხარიათ და რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, არიან თუ არა წითელ წიგნში შეტანილი".

დედამიწაზე ორი სულიერი არსება ბინადრობს: ადამიანი და ცხოველი, შესაბამისად, ორივე მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება. [...] ადამიანები ამ საკითხზე უნდა დაფიქრდნენ. მსოფლიოში, და განსაკუთრებით, ევროპაში, ვეგანების რიცხვი იმატებს და ალბათ სამყარო ცივილიზებული მაშინ იქნება, როცა ვეგანების რიცხვი იმ ადამიანების რიცხვს გადააჭარბებს, ვინც ცხოველის ხორცით კმაყოფილდება.

თეიმურაზ წიქორიძე

წიქორიძის აზრით, ცხოველური პროდუქტების მოხმარება ასევე პირდაპირაა დაკავშირებული მკვლელობასა და სისასტიკესთან. როცა ადამიანი ხორცს ჭამს, ცხადია, იგი მონაწილე ხდება იმ სასტიკი ჯაჭვისა, რასაც სულიერი არსებების ექსპლუატაცია ჰქვია.

"არსებობს ფერმები, სადაც ცხოველების ხელოვნური გამრავლება ხდება, შემდეგ კი — მათი დახოცვა. რაც უნდა 'ჰუმანური' გზით ვხოცავდეთ ცხოველებს, ეს გამართლებული ვერასდროს იქნება. ისინი, პრაქტიკულად, მთელ სიცოცხლეს — თუ ამას სიცოცხლე ჰქვია — ტყვეობაში ატარებენ, შემდეგ კი კლავენ იმისთვის, რომ ვიღაცამ შეჭამოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება კანონით დაშვებულია, ჩვენ, ცხადია, ამის მოწინააღმდეგეები ვართ", — დასძენს წიქორიძე.

ფოტო: GSPSA - Georgian Society for the Protection and Safety of Animals

"ცხოველებს ჩვენ გვერდით არსებობის უფლება აქვთ"

აქციაზე სამი შვილით მივიდა ინგლისელი მწერალი და ჟურნალისტი ქეითი რუთ დეივისი. იგი ათწლეულზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და მოღვაწეობს, რამდენიმე წლის წინ კი ქართული ტრადიციების და სუფრის მოყვარულმა მწერალმა ვეგანური ცხოვრების სტილი არჩია და თუმცაღა საკუთარ შვილებს არჩევანის თავისუფლება დაუტოვა, სამივე მათგანმა მაინც ვეგეტარიანულ მენიუზე შეაჩერა არჩევანი, მათ შორის ყველაზე პატარამ — 6 წლის თორანმა — რომელიც დედასთან და დებთან ერთად ყველა აქციაზე უხმოდ აპროტესტებს ცხოველთა მიმართ ჩადენილ სისასტიკეს.

ფოტო: GSPSA - Georgian Society for the Protection and Safety of Animals

"მე და ჩემს შვილებს ცხოველები ყოველთვის გვიყვარდა — რამდენიმე მათგანი სახლშიც გვყავს: ქათმები, იხვები და ინდაურები, რომლებიც ქარხნებიდან და ბაზრებიდან ავიყვანეთ და გადავარჩინეთ, ვუმასპინძლდებით მიუსაფარ კატებს, ბაღში პერიოდულად გვსტუმრობენ ზღარბები და კუებიც კი", — ამბობს დეივისი, — "ძალიან ბევრი ადამიანი ცხოველებს საკუთრებად აღიქვამს. ისინი ფიქრობენ, რომ მათი გამოყენება შეუძლიათ საკვებად, ჩასაცმელად, ექსპერიმენტების ჩასატარებლად და სხვადასხვაგვარი პროდუქტების საწარმოებლად, თუმცა მე მჯერა, რომ ცხოველებს, როგორც მგრძნობიარე არსებებს, ჩვენ გვერდით თანაცხოვრების უფლება აქვთ და საფეხურებრივად დაბლა არ დგანან".

ქეითი, რომელიც წლებია, ჟურნალისტად მუშაობს, აღნიშნავს, რომ განვითარებულ ქვეყნებში, რომელიც საქართველოსაც მოიცავს, ხორცის ჭამის საჭიროება არ არსებობს. იგი ეხება წიქორიძის ხსენებულ ნადირობის თემასაც და ამბობს, რომ ეს სასტიკი სპორტია და არა საჭიროება, ალტერნატივად კი 21-ე საუკუნის შესაძლებლობებს — სინთეტიკურ მასალებს, ხელოვნურ ტყავსა და ბეწვს — სახავს. ამასთან, აქტივისტის თქმით, ადამიანებმა კვებისა და სამედიცინო და კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად ბუნებრივი და მცენარეული ინგრედიენტების გამოყენება უკვე ისწავლეს, შესაბამისად, "რაც უფრო მეტი ადამიანს აეხილება თვალი რეალობისა და იმის დასანახავად, როგორ სასტიკად ეპყრობა საზოგადოება ცხოველებს, მით უკეთესია".

ფოტო: GSPSA - Georgian Society for the Protection and Safety of Animals / On.ge

რადგან ათწლეულზე მეტია, საქართველოში ცხოვრობთ, როგორ შეაფასებდით უცხო თვალით დანახულ ქვეყნის განვითარების გზას ამ კუთხით?

დიახ, 13 წელია საქართველოში ვცხოვრობ და მუდამ ოპტიმისტური ხედვა მაქვს — ვამბობ, რომ საქართველო ორი ნაბიჯით წინ მიდის, შემდეგ კი ერთი ნაბიჯით უკან იხევს — მიუხედავად ამისა, ეს მაინც პროგრესია, თუმცა — ნელი. ცხადია, წლეულს, განსაკუთრებით, ხალხს დიდი ზიანი მიადგა — პანდემიის შედეგად. დაკარგეს ახლობლები, სამსახური და შემოსავალი. ჩემი ოჯახიც მათ შორისაა. ამის გამო ცხოველთა მხარდასაჭერი მოწოდებები ზოგჯერ კრიტიკის ობიექტი ხდება და ამბობენ: "როცა ხალხი შიმშილობს, რა დროს ცხოველებზე ზრუნვაა?" მე მჯერა, რომ დროა, ჩვენ გარშემო მყოფ ყველა სულიერზე ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ გარემოზეც, რათა მსოფლიო უკეთეს, უფრო ჯანსაღ და ნათელ ადგილად იქცეს. მე ვეგანი ვარ, ჩემი შვილები კი ვეგეტარიანელები. ხორცის რაციონიდან ამოღებამ, გარდა იმისა, რომ ფული დაგვაზოგვინა, უფრო ჯანმრთელები და ბედნიერები გაგვხადა. ახლა, როცა ჩვენს ყოველდღიურ საკვებად ბოსტნეულს, ხილსა და მარცვლეულს ვიყენებთ, ბედნიერებას გვანიჭებს იმის გაანალიზება, რომ არცერთ ცხოველს არ ვაზიანებთ სასტიკი ინდუსტრიის მხარდაჭერით. ამასთან, გარემოზეც მინიმალურ ზემოქმედებას ვახდენთ, რადგან ეს ინდუსტრია გაუტყევებასთანაცაა დაკავშირებული, ისევე როგორც რესურსების დიდი რაოდენობით არარაციონალურ ხარჯვასთან.

საქართველოს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი, რათა ცხოველთა თანასწორუფლებიანობა ცნოს. საზოგადოება ემპათიურად განწყობილი შინაური ცხოველების მიმართ უფრო არის (მეტწილად ძაღლებისა და კატებისადმი), თუმცა ყველა ცხოველი იმსახურებს, რაც შეიძლება, დღეგრძელად, თავისუფლად და ბუნებრივ პირობებში იცხოვროს.

პირველ რიგში, საჭიროა შესაფერისი კანონმდებლობა ნადირობის აღსაკვეთად, რათა მკაფიოდ განიზღვროს, რას ნიშნავს ცხოველებისადმი სათანადო მოპყრობა და უფრო მკაცრად დაისაჯოს სისასტიკის ჩამდენი. მოკლედ რომ ვთქვა, მთავრობამ უნდა ითანამშრომლოს ცხოველთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს სულიერი არსებების უფლებებზე შეთანხმება და გაკონტროლდეს მათი დაცვა.

ამასთან, მნიშვნელოვანია განათლებაც — რაშიც, დიდწილად, აქტივისტებისა და განათლების სამინისტროს როლია მნიშვნელოვანი, რათა სკოლებიდანვე ამაღლდეს ცნობიერება ცხოველების უფლებებზე. ბავშვებს, რომლებიც ამ ქვეყნის მომავალს წარმოადგენენ, უკეთ უნდა ესმოდეთ სამყაროსადმი პატივისცემა.

ფოტო: GSPSA - Georgian Society for the Protection and Safety of Animals

როგორც ეს დეივისმა აღნიშნა, განათლება ცხოველთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მთავარ იარაღს წარმოადგენს. ამაზე თანხმდება ყველა ცხოველთა უფლებამდაცველი — წიქორიძე ამბობს, რომ "ვერანაირი კანონი ვერ გვიშველის, თუ ცნობიერება არ ამაღლდა".

ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას ხაზს უსვამს ბაციკაძეც. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქტივიზმი, შესაძლოა, ბევრ იმედგაცრუებასთან იყოს დაკავშირებული, ბრძოლას მაინც ყოველთვის აქვს აზრი, "ეს ყველა უფლებადამცველს და აქტივისტს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რადგან იდეოლოგიური გარდატეხა ყველაზე მეტ ძალისხმევას მოითხოვს".

დაუცველის დასაცავად ბრძოლას რომ აზრი ნამდვილად აქვს, ეს ნათელია. ბოლო წლებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები იდგმება ცხოველების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ცოტა ხნის წინ საფრანგეთი იმ ათეულობით ქვეყანას შეურთდა, სადაც ცხოველების საცირკო წარმოდგენებში მონაწილეობა აკრძალულია. სახელმწიფოები აქტიურად ცდილობენ, საკუთარი კანონმდებლობა ამ კუთხით მოაწესრიგონ და სახეობათა თანასწორუფლებიანობას მხარი დაუჭირონ. ჩვენ კი იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ მათ შორის საქართველოც მალე გამოჩნდება.