სავარაუდოდ, ტყის ხანძრების გამო ოკუპირებული აფხაზეთის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც გამოცემა აფსნიპრესი წერს, ავარიულად გაითიშა მაღალი ძაბვის ხაზი ფსოუ-220.

ადგილობრივ დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ დაზიანება უკვე აღმოაჩინეს და მისი შეკეთებაც დაიწყეს.

აფხაზეთში უკვე რამდენიმე დღეა ტყის ხანძრებს ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა გაგრაში, სადაც ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა. სტიქია გავრცელებულია საქართველოს სხვა რეგიონებშიც. ბოლო ინფორმაციით, მეხაძნრე-მაშველები ტყისა და მინდვრის ხანძარი 6 ლოკაციაზე ფიქსირდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ღამის განმავლობაში ორი ახალი კერა გაჩნდა. ერთი იმერეთში, ხოლო მეორე — სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ ბალდაში, იმ ფერდის სიახლოვეს, სადაც მეხანძრე-მაშველებმა ორი დღის წინ ხანძარი ჩააქრეს.