ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ისტორია ირაკლი ჩავლეიშვილს მედროვედ, "მანდატის ხამად" მოიხსენიებს, ხოლო ფანგანს, ვინც მას ნაგავი დააყარა — გაბრაზებულ, აღშფოთებულ, გულანთებულ ახალგაზრდად, რომელსაც "ზომიერებამ უღალატა პროტესტის ფორმის შერჩევისას". ასე გამოეხმაურა ალტერნატივას წევრის დაკავებას მელია Facebook-ზე.

"ვინც დღეს ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დამყრელ ირაკლი ფანგანის დაპატიმრებას ამართლებთ, XVI საუკუნეში რომ გეცხოვრათ აუცილებლად მოითხოვდით იმ საჩინო ბარათაშვილის დასჯას, რომელმაც კლდიდან გადააგდო მოღალატე კახაბერ ყორღანაშვილი. მაგრამ თქვენგან განსხვავებით, თანამედროვეებმაც და შთამომავლობამაც საჩინო ბარათაშვილი გმირად შერაცხა, მის მიერ კლდიდან გადაგდებული ყორღანაშვილი კი დღემდე ღალატის სიმბოლოა!", — წერს მელია.

მისი თქმით, "საქმის არსი ისაა", რომ ირაკლი ჩავლეიშვილი ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის სიაში "ბრძანდებოდ", შემდეგ ბოიკოტს უჭერდა მხარს, უზენაეს საბჭოში არშესვლის მემორანდუმსაც მოაწერა ხელი, შემდეგ კი, "გავარდა", უმაღლეს საბჭოში "შევარდა და მოკალათდა".

ნიკა მელია ასევე აღნიშნავს, რომ ჩავლეიშვილმა "ახალგაზრდა გამოიწვია".

"დიახ, ბატონი ჩავლეიშვილი არავის გაახსენდებოდა, თავიდანვე რომ შესულიყო. ახლა კი, რა ქნა? იმ ხალხის მიერ დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც არჩევნების შემდეგ ქუჩაშია გამოსული საპროტესტოდ. მივიდა და სამწუხაროდ პროვოკაციულად აკრიტიკებდა იმ ნაცებს, ვისი წყალობითაც იმ საბჭოში შეძვრა. დიახ, ბატონებო, ჩავლეიშვილმა უღალატა საზოგადოებას, ოპოზიციას, შემდეგ კი თავისი თავის გასამართლებლად, პროვოკატორობასაც მიჰყო ხელი და ახალგაზრდა გამოიწვია. ახალგაზრდამ ბევრისთვის მიუღებელი ფორმით გასცა პასუხი და თქვენც არ დაახანეთ, მთელი რისხვა არაკეთილსინდისიერ ჩავლეიშვილს კი არა, მას დაატეხეთ და ხელ-ფეხი გაუხსენით ხელისუფლებას მის დასაჭერად!", — წერს მელია.

იმ ადამიანებს, ვინც ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრა გააკრიტიკა, მელია მიმართავს, რომ მათ დაიჭირეს ფანგანი "ივანიშვილის რეჟიმთან ერთად".

"დიახ, თქვენ დაიჭირეთ ფანგანი ივანიშვილის რეჟიმთან ერთად. ოცნების ხელისუფლებას ჰგონია რომ ეს ყველაფერი გაუვა. მაგრამ ერთი გვახსოვდეს, მალე ქართველი ერი ურნას არა, საერთოდ ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ!", — წერს მელია.

გუშინ, 23 იანვარს, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელიც აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით შევიდა, მოქალაქეებმა ქუჩაში ნაგავი დააყარეს. ამის ამსახველი ვიდეო ორგანიზაცია ალტერნატივამ გაავრცელა. როგორც ალტერნატივის მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, მოქალაქეები ჩავლეიშვილს ქუჩაში შეხვდნენ. ისინი "მონა, მოღალატეს" სკანდირებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ საბჭოში გაყალბებული მანდატით შევიდა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქმეზე შსს-მ გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით დაიწყო. მალევე, ალტერნატივას წარმომადგენელი, ირაკლი ფანგანი დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

დეკემბერში ირაკლი ჩავლეიშვილმა რესპუბლიკური პარტია დატოვა და საბჭოში შესვლა გადაწყვიტა. პარტიის დატოვების მიზეზად მან ბოიკოტთან დაკავშირებით განსხვავებულ პოზიციებს ასახელებს.

ამავე თემაზე: