ევროკავშირის წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მეორედ შეხვდება. იგი რამდენიმე წუთის წინ გავიდა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისიდან და ამ წუთებში პრეზიდენტის სასახლისკენ მიემართება.

კრისტიან დანიელსონი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელია, რომელიც საქართველოში ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ჩამოვიდა.

იგი მეოთხე დღეა ხვდება როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ასევე, შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

14 მარტი იყო დანიელსონის ვიზიტის ბოლო დღე საქართველოში, თუმცა, გუშინ, პარტიებთან შეხვედრების შემდეგ მან განაცხადა, რომ გამგზავრება ერთი დღით გადადო. მისი თქმით, იმედოვნებდა, რომ მხარეები მიაღწევდნენ შეთანხმებას, თუმცა რადგან ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა, რჩება საქართველოში.

დღეს დილით იგი კიდევ ერთხელ შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ დანიელსონი საქართველოში დარჩება იქამდე, სანამ შეთანხმებას არ მიაღწევენ.

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილის პირველად 12 მარტს შეხვდა.