ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ AstraZeneca-ს ვაქცინა გაიკეთა. ის საჩხერის სამედიცინო ცენტრში პირდაპირ ეთერში აიცრა.

"გუშინ გაისმა საყვედური საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალის მიმართებაში, რომ ისინი უარს აცხადებენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორი რამდენიმე წელი ვიყავი და ვთვლი, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, გააჩნია მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიცია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

ვთვლი, რომ სამედიცინო პერსონალის ჩართულობა ვაქცინაციის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე, საქართველოს ექიმებისთვის და პირველ რიგში, იმ კლინიკისთვის, სადაც მე მაქვს გატარებული ძალიან ბევრი დადებითი წელი და ემოცია, ჩავთვალე საჭიროდ, რომ აქ ჩატარებული ჩემი ვაქცინაცია იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და ძალიან დიდი მოტივაციის მომცემი, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე, ამ რეგიონისთვის", — განაცხადა მან.

რაც შეეხება მის მდგომარეობას ვაქცინაციის შემდეგ, მინისტრმა თქვა:

"უკუჩვენება რომ ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული ის კითხვარი, რომელსაც მე გავეცი დეტალურად პასუხი. ამ ეტაპისთვის თავს კარგად ვგრძნობ".

მინისტრი საჯაროდ AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც ამ ვაქცინის მიმართ ნდობა დაეცა. როგორც მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს აღნიშნა, დაგეგმილი იყო, რომ ის ჩინური ვაქცინით უნდა აცრილიყო. რაც შეეხება AstraZeneca-ს, ტიკარაძე ამბობდა, რომ არ სურდა უფლებამოსილებით ესარგებლა და ვაქცინა სხვას სჭირდებოდა.

მას შემდეგ, რაც ახალციხელი ექთანი გარდაიცვალა, მედიკოსები ვაქცინაციაზე უარს ამბობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის ექიმებიც კი, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა ვაქცინის რიგი, უარს ამბობენ AstraZeneca-თი აცრაზე. მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ მათი კოლეგა ვაქცინაციის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკით გარდაიცვალა.

ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორის დასკვნით, Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება უსაფრთხო და ეფექტიანია. მისგან მიღებული სარგებელი კი უფრო მეტია, ვიდრე რისკი. ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორმა ეს დასკვნა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ევროკავშირის 13-მა ქვეყანამ ვაქცინის გამოყენება თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული შიშების გამო შეაჩერა.

რამდენიმე დღის წინ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც მოუწოდა ქვეყნებს, არ შეეწყვიტათ AstraZeneca-თი ვაქცინაცია და დაადასტურა, რომ ის სიცოცხლისთვის საშიშ გართულებებს არ იწვევს. AstraZeneca-ს განცხადებაში კი, 17 მილიონი ადამიანის მონაცემებზე დაყრნობით, ნათქვამია, რომ არ დასტურდება ფილტვის თრომბოემბოლიის, ღრმა ვენის თრომბოზისა თუ თრომბოციტოფენიის კავშირი ამ ვაქცინასთან, არც ერთ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში.

ამავე თემაზე: