ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დმანისში განვითარებულ მოვლენებზე სამართალდამცავების რეაგირება იყო "სათანადო და ადეკვატური".

"რამდენადაც ვიცი, უკვე გუშინ რამდენიმე ადამიანი იქნა დაკავებული. ეს არის ჩემი ინფორმაცია, თუმც შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რაც შეეხება, პოლიციის, სამართალდამცავების რეაგირებას, ეს რეაგირება იყო სათანადო და ადეკვატური.

ამის შედეგები ყევლამ იხილა. ის, რომ ამ ძალიან რთული პრობლემისა და ვითარების დეესკალაცია მოხერხდა ერთ დღეში, ეს მეტყველებს, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა იმოქმედეს სათანადოდ", — თქვა მან.

ბოლო ორი დღეა დმანისში დაძაბული ვითარებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დმანისში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი მაღაზიაში იღებდა კონკრეტულ პროდუქტს, მაგრამ ფულს არ იხდიდა, 16 მაისს კი მეპატრონემ, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელია, ამაზე უარი უთხრა, რამაც დაპირისპირება გამოიწვია. როგორც ცნობილია, ათეულობით ადამიანი ერთმანეთს ხელკეტებით დაუპირისპირდა.

დაპირისპირება გაგრძელდა 17 მაისსაც. მოსახლეობა ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდა, მათ შორის დმანისის შესასვლელთან. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და ქალაქშიც მხოლოდ ადგილობრივებს უშვებდნენ.