"მერე რა რომ ვქეიფობდი? დანაშაულია ქეიფი?" — ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების ფონზე, რეგულაციების დარღვევით იქეიფა. დამატებით კითხვებზე პრემიერმა ჟურნალისტებს არ უპასუხა, გაიცინა, ხელი აუწია და უთხრა: "აბა, კარგად".

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, გუშინ, 7 აგვისტოს ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სუფრაზე იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ იყო დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები იყვნენ პირბადის გარეშე და ირღვეოდა სხვა რეკომენდაციებიც. ვიდეო სავარაუდოდ კახეთში, სოფელ არხილოსკალოშია გადაღებული, სადაც ღარიბაშვილი ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის დახვედრის ცერემონიას დაესწრო.

"იმის მაგივრად, რომ წავიდეთ ქორწილში და სხვა სუფრაზე, წავიდეთ და ავიცრათ", — თქვა ამირან გამყრელიძემ 27 ივლისს, თუმცა, პრემიერს ეს რეკომენდაცია არ შეუსრულებია.

ამ ქეიფზე გადაღებული ფოტო გაავრცელა სამთავრობო ფეისბუქგვერდმა Irakli Garibashvili 4 Georgia (ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოსთვის), სადაც ღარიბაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ლაშა ბექაურსა და ვერცხლისმედალოსან, ლაშა შავდათუაშვილთან ერთადაა გადაღებული.

ფოტო: ირაკლი ღარიბაშვილი 4 GEORGIA / FB

აღნიშნული ფოტო სამთავრობო პიარებმა და სტრატკომის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა გააზიარეს. ამის ფონზე, როცა On.ge-მ სცადა მთავრობის პრესსამსახურში გარკვევა, რატომ არღვევდა პრემიერი რეკომენდაციებს, გვითხრეს რომ ვიდეო ნანახი არ აქვთ და გაგზავნა გვთხოვეს, რის შემდეგაც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ბოლო პერიოდში 4 ათასს აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღაა და სწორედ დღეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ პიკის დაღმასვლა ჯერ არ შეინიშნება. ამ ფონზე საკოორდინაციო საბჭო, რომელსაც თავად პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, მუდმივად მოუწოდებს მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ, რაც სოციალურ დისტანციას და ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდებას გულისხმობს. უფრო მეტიც, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ განიხილება დიდი თავშეყრების აკრძალვაც.

"არ მესმის, შენს ერთ ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე?" — ამბობდა პაატა იმნაძე 18 მაისს. როგორც ჩანს, პრემიერს არც ეს სიტყვები გაუთვალისწინებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ, როცა პრემიერმინისტმა არაერთხელ მოუწოდა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული, აიცრა თუ არა თავად. საჯაროდ პრემიერის აცრის კადრები არ გავრცელებულა, 6 აგვისტოს კი ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პრემიერიც მალე აიცრება.

გაიგე მეტი: