ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარს ამბობს საჯაროდ შეაფასოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ქეიფი რეკომენდაციების დარღვევით. ჟურნალისტის კითხვას, რაიმე მითითება ან რეკომენდაცია ხომ არ აქვს ჯანდაცვის სამინისტროს პრემიერმინისტრის საქციელზე, გაბუნიამ ასე უპასუხა:

"ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თავად გააკეთა კომენტარი, მე ჩემს სუბიექტურ აზრს აქ ნამდვილად არ გავაჟღერებ. პასუხი ცნობილია".

დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, მიზანშეწონილია თუ არა პანდემიის დროს მსგავსი ხალხმრავალი შეკრებები, გაბუნიამ განაცხადა, რომ ხალხმრავლობა არცერთ შემთხვევაში არ არის მისაღები.

"ხალხმრავლობა და ზოგადად, ასეთი ტიპის ღონისძიებები, ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ გააჟღერა, რომ არის გარკვეულწილად სარისკო. ეს ამბავი ყველამ ვიცით. თუმცა, არსებობს გარკვეული გარემოებები იმისთვის, რომ წესების დაცვის რაღაცა მსგავსი ... თუმცა, ხალხმრავლობა ჩვენთვის არცერთ შემთხვევაში მისაღები არ არის", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პრემიერმინსტრის ქცევის შეფასებაზე უარი თქვა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემაც.

7 აგვისტოს, ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხმრავალ სივრცეში იქეიფა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ სივრცეში არ არის დაცული სოციალური დისტანცია, შეკრებილები არიან პირბადის გარეშე და ირღვევა სხვა რეკომენდაციებიც.

რეკომენდაციების დარღვევით ქეიფის მეორე დღეს ღარიბაშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. აცრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღმოჩნდა, რომ ღარიბაშვილს პრობლემად არ მიაჩნია მისივე დაწესებული რეკომენდაციების დარღვევა.

"მერე რა, რომ ვქეიფობდი? დანაშაულია ქეიფი?" — ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას რეკომენდაციების დარღვევა.

ამავე დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის წევრებს მიმართა, დაიცვან რეკომენდაციები. ტიკარაძეს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობს თუ არა პრემიერმინისტრს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ "რეკომენდაციები რეკომენდაციებისთვის" და ქვეყანა რთულ ბრძოლაშია.