დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ბავშვებსა და მოზარდებში ვაქცინაცია არ ჩატარდა, პანდემიას საბოლოო წერტილი ვერ დაესმება. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ისაუბრა.

"მე არ გამიკვირდება, ახლა მიდის, ასევე, კვლევები, იგივე უფრო დაბალ ასაკში ბავშვების, 3 წლის ზემოთ, იმიტომ, რომ თუ ბავშვებისა და მოზარდების იმუნიზაცია არ ჩატარდა, ისე საბოლოო წერტილი პანდემიას ვერ დაესმება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ბავშვები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გამავრცელებლები არიან", — განაცხადა მან.

რაც შეეხება 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის დაწყებას, მისი თქმით, საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება და როგორც კი ეს გადაწყვეტილება მიიღება, საბჭოც იმსჯელებს ამ ასაკის მოქალაქეებში იმუნიზაციის პროცესის დაწყებაზე.

"როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარეობს აქტიური განხილვა 12 წლის ზემოთ მოზარდების აცრის. ვფიქრობ, შემოდგომაზე ეს საკითხი გადაწყდება და ჩვენც მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ ჩვენს შიდა განხილვების, ასევე იმუნიზაციის საბჭოსა და სამეცნიერო საბჭოზე ეს საკითხები იქნეს განხილული და გადაწყვეტილი", — თქვა გამყრელიძემ.

საქართველოში 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქციანცია ჯერ დაშვებული არ არის, თუმცა როგორც NCDC-ის დირექტორის ვარაუდობს, მსხვილი მარეგულირებლები ამის რეკომენდაციას შემოდგომიდან გასცემენ და იმუნიზაციის პროცესში მათ საქართველოც ჩართავს. რაც შეეხება 16 წელს ზრმოთ მოქალაქეებს, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბრძანების მიხედვით, მათი აცრა 21 ივლისიდან დაშვებულია.