საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან კავშირის გამო 62 ადამიანის მიმართ სხვადასხვა სახის ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს, სადაც წინასაარჩევნო გარემოა შეფასებული.

სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, დასაქმებულებმა გათავისუფლების მიზეზად ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიის წევრებთან ნათესაური, მეგობრული თუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა დაასახელეს. მათივე განცხადებით, დასაქმებულები გაათავისუფლეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, მუნიციპალური სამსახურებიდან, სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სსიპ-ებიდან, ააიპ-ებიდან და სხვა საჯარო დაწესებულებებიდან.

"მოქალაქეები ადასტურებენ, რომ ზემდგომი პირები მათ სთხოვდნენ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერას, რასაც ნაწილი დათანხმდა, ნაწილი კი არა, რის შემდგომაც ისინი სხვა საფუძვლებით გაათავისუფლეს. ზოგიერთის წინააღმდეგ დაიწყო დისციპლინური წარმოება", — ნათქვამია განცხადებაში.

ომბუდსმენის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის — პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის ნიშნები. მათ 34 პირთან დაკავშირებული საქმეები შესწავლისა და რეაგირების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ადამიანთა დევნა მათი პოლიტიკური შეხედულებებისა და მოსაზრებების გამო, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლება. ომბუდსმენი მოუწოდებს:

  • ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სხვა საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს — პოლიტიკური შეხედულებების გამო, არ გაათავისუფლონ ანდა არ გასცენ მითითებები თანამშრომელთა გათავისუფლების თაობაზე;
  • საქართველოს პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს — დროულად გამოიკვლიონ სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილ წერილში მითითებულ პირთა მიმართ შესაძლო დევნის საკითხი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

გახარიას პარტიის წევრებს არაერთხელ უსაუბრიათ მათთან დაახლოებული პირების მიმართ ზეწოლაზე. 23 აგვისტოს პარტია საქართველოსთვის ბათუმის მერობის კანდიდატმა, ირაკლი მიქელაძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის წევრები ფულს სთავაზობდნენ პარტია საქართველოსთვის კანდიდატებს, რათა წარდგენის შემდეგ პარტია დაეტოვებინათ. ზეწოლასა და მუქარაზე ისაუბრა გახარიას გუნდის რამდენიმე სხვა წევრმაც. 25 აგვისტოს სალომე ღონღაძემ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნებიდან წასვლისა და გახარიას პარტიაში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო, შეუთვალეს, რომ შეეწყვიტა გუნდის ფორმირება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრნენ, რომ არა თუ მუნიციპალიტეტის, არამედ ქვეყნის დატოვებაც მოუწევდა.