ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავარი არხის ოპერატორი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ის ადასტურებს, რომ შტაბის წევრებსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ შეხებას.

მდინარაძე ამტკიცებს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება მთავარი არხის ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიერ ქართული ოცნების მერობის კანდიდატის, ზაზა გულუაშვილის შეურაცხმყოფელად მოხსენიებას მოჰყვა.

"ბექა ყორშია, არავის გაგიკვირდებათ ალბათ, ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას. მათი მოგონილი სიუჟეტების მიხედვით და გაგრძელებად კითხულობდა ჩლიქოსანს, მძიმე შეურაცხყოფას აყენებდა იქ შტაბის წარმომადგენელს — საუბარია იმაზე, რომ ასე მოიხსენიებდა ჩვენი მერობის კანდიდატს და მას შემდეგ რაც გამოაძევეს შტაბიდან და მართლაც იყო იქ გარკვეული სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ჩვენი შტაბის წარმომადგენლებსა და ჟურნალისტს შორის.

უკანა სვლით, მთავარი არხის ოპერატორი ტოვებდა ტერიტორიას, რა დროსაც არის იქ ე.წ. ტერასაზე, კიბის ბაქანზე დაბალი მოაჯირი, წამოედო ამ მოაჯირს და გადავარდა და დაეცა კიბის ზედა საფეხურებზე. ეს არ იყო ვარდნა მაღალი სიმაღლიდან, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, იმედია ყველაფერი კარგად იქნება [...] არანაირი ფიზიკური შეხება ოპერატორსა და ჩვენი შტაბის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე ამბობს, რომ აქვთ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ინციდენტი. მისი თქმით, ქარების შტაბის წევრებისგან აქვს ინფორმაცია, რომ გადავარდნის მომენტში მთავარი არხის ოპერატორს კამერა ჩართული ჰქონდა, სადაც გამოჩნდებოდა როგორ მოხდა აღნიშნული შემთხვევა.

მთავარი არხის ინფორმაციით, ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ჟურნალისტი ბექა ბექა ყორშია ყვება, მმართველი პარტიის შტაბის წევრები მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ. მისი თქმით, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.