შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავარი არხის ოპერატორის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.

მთავარი არხის ინფორმაციით, ქარელში, ქართული ოცნების წევრებმა მათი ოპერატორი პარტიის შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. როგორც ჟურნალისტი ბექა ბექა ყორშია ყვება, მმართველი პარტიის შტაბის წევრები მისვლისთანავე აგრესიულად შეხვდნენ. მისი თქმით, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც.

ინციდენტის შემდეგ, ქართული ოცნების ოფისში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მთავარი არხის ოპერატორი პარტიის ქარელის შტაბის მეორე სართულიდან შემთხვევით გადმოვარდა. ის ადასტურებს, რომ შტაბის წევრებსა და ტელევიზიის გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, თუმცა გამორიცხავს ფიზიკურ შეხებას.

გაიგე მეტი: