ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის განცხადებით, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

"მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, რომ თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და სამოქალაქო საზოგადოების ასე საჭირო კონსოლიდაცია აჩვენოს", — წერს ის.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც. მანამდე, 2 ოქტომბერს, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.