სენატორი ჯიმ რიშის განცხადებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები დაუჯერებლად იმედგამაცრუებელი იყო და დრამატული უკუსვლა 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც ის აკვირდებოდა.

მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურსაც ყურადღებით დააკვირდება.

"შეშფოთებული ვარ დაშინებისა და მოსყიდვების შესახებ გავრცელებული ცნობებით. რადგანაც, მეორე ტურს საქართველოს მთავრობა ატარებს, მათ უნდა გაითვალისწინონ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციების მიერ ხაზგასმული საკითხები, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობა და არათანაბარი პირობების შექმნა იმ პარტიებისთვის, რომლებიც მმართველ პარტიას უპირისპირდებოდნენ. სამართლიანი და ღია საარჩევნო პროცესი დემოკრატიის ძლიერი ნიშანია", — აცხადებს სენატორი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება. მეორე ტური ჩატარდება თბილისშიც. მანამდე, 2 ოქტომბერს, ეგზიტპოლების შედეგების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოფისთან საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე იზეიმა. იმედის დაკვეთით ჩატარებული GORBI-ის კვლევის მიხედვით, ქართულ ოცნებას 47%-ზე მეტი უნდა აეღო, ხოლო თბილისში მეორე ტური არ ინიშნებოდა.

2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. მოსახლეობა მერებსა და საკრებულოების წევრებს ირჩევდა. თუმცა ამჯერად ეს არ არის მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები — მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა, ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს. სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს აიღებდა, რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარებულიყო.