"თავისუფლება მიშას" — თბილისში ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდნენ მსვლელობას, რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა.

დღეს თბილისში წამოსულ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, მობილიზებული პირები ცოცხებს მანქანებს ესვროდნენ და ოპოზიციურ პარტიას აგინებდნენ.

ამასთან, აღნიშნული აქციის გამო რუსთაველის გამზირზე — რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე — ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.