უკრაინის ყოფილი პრემიერმინისტრი, იულია ტიმოშენკო ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს და მოუწოდებს, შეწყვიტოს შიმშილობა. ამის შესახებ მან სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"მე ისე როგორც არავინ, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე, მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი. მაგრამ ამავე დროს მინდა, უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენ შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები", — ამბობს ტიმოშენკო.

მისი თქმით, თავად გაიარა პოლიტიკური რეპრესიები და უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა "პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულებების გამო".

"სწორედ ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში და სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო", — განაცხადა იულია ტიმოშენკომ.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.