ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე საუბრისას იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ ყველა პატიმარი თანასწორია და ყველას მიმართ მიდგომაც თანასწორი იქნება. ასე პასუხობს ის ჟურნალისტების კითხვას, რატომ აპირებენ სააკაშვილის გადაყვანას ციხის კლინიკაში, როცა მან სხვა დაწესებულება მოითხოვა და შესაძლებელია თუ არა გამონაკლისის დაშვება.

"საავადმყოფოში იქნება იზოლირებული, რა თქმა უნდა, რაც აუცილებელია მისი უსაფრთხოებისთვის ყველაფერი იქნება გაკეთებული. ყველა პატიმარი არის კანონის წინაშე თანასწორი და მიდგომა ყველას მიმართ იქნება აბსოლუტურად თანასწორი", — აცხადებს ბრეგაძე.

ბრეგაძის თქმით, განცხადებებზე, თითქოს სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანა შურისძიებაა, სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს. მისივე თქმით, სამინისტროს უმთავრესი მიზანი, ყველა პატიმრის უფლების დაცვა და მათი ჯანმრთელობის სტაბილურობის შენარჩუნებაა.

"სწორედ ამ მიზნით ჩვენ მივმართეთ სხვადასხვა უწყებას და ჩამოყალიბდა არაფორმალურად ინფორმაციის გაცვლის პლატფორმა, რომელშიც არის მათ შორის, ქალბატონი სახალხო დამცველი, პარლამენტის 2 კომიტეტის თავმჯდომარე, და ჩვენ რეგულარულად ვცვლით ინფორმაციას მიხეილ სააკაშილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

გარდა ამისა, ჩამოყალიბდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგება ექიმებისგან, შედგა კონსილიუმი, ჩვენ მივიღეთ მათგან რეკომენდაციები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არის შესრულებული. თუკი ეს რამე სახის შურისძიებაა, ბუნებრივია, ამაზე რამე სერიოზული სახის კომენტარს ვერავინ გააკეთებს", — ამბობს ის.

გუშინ, 20 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თქვა, რომ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემთხვევაში, არა რომელიმე საავადმყოფოში, არამედ პენიტენციური სამსახურის სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანენ. მის ამ განცხადებას დღეს სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასიალაია გამოეხმაურა და თქვა, რომ ამით ხელისუფლება პროვოკაციის მოწყობას გეგმავს და ეს ადმინისტრაციისა და პენიტენციური სამსახურის წლების პრაქტიკის უარყოფაა.

მიხეილ სააკაშვილი 21 დღეა შიმშილობს. 19 ოქტომბერს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილმა ექიმთა მულტიფუნქციურმა ჯგუფმა სააკაშვილის ციხეში პირველად მოინახულა და მისი პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. იმავე დღეს, სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ნებართვის შემთხვევაში მას, სავარაუდოდ შაბათს, კლინიკაში გადაიყვანენ.

გუშინ, 20 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან მორიგი წერილი გამოაგზავნა, სადაც წერს, რომ შიმშილობას არ შეწყვეტს, მაგრამ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა.

გაიგე მეტი: