გირჩი — მეტი თავისუფლებისა და ლელოს ლიდერებს, ზურაბ ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს საპარლამენტო მანდატები შეუწყვიტეს. დადგენილების პროექტს ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სესიაზე რამდენიმე წუთის წინ უყარეს კენჭი.

ზურაბ ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ ყოფილა. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასაც მხარი 79 დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა ამ შემთხვევაში წინააღმდეგი 2 დეპუტატი იყო. აღსანიშნავია, რომ კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში სულ 88 დეპუტატი იყო.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას ოპოზიციის დიდი ნაწილი არ ესწრება. "პოლიტიკური შეხედულებების გამო" სესიას ბოიკოტი გამოუცხადეს ნაციონალურმა მოძრაობამ და ლელომ, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ბაქრაძემ.

ზურაბ ჯაფარიძემ უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტს 3 ნოემბერს მეორედ მიმართა. მან მანდატის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების შემდეგ მეორედ გამოაცხადა.

პირველად დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით ჯაფარიძემ პარლამენტს გასული წლის დეკემბერში მიმართა. იმ დროისთვის ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ს ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის შუამავლობით მიმდინარეობდა. ქართულმა ოცნებამ დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი გადადო, რის შემდეგაც ჯაფარიძემ პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მან უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის ოფიციალურად 4 ნოემბერს მიმართა. მანდატის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ხაზარაძემ 31 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების საპროტესტო აქციაზე გაასაჯაროვა.