ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვერსად ვერ ნახა პრეცედენტი, სადაც კოვიდპასპორტს ვირუსის გადატანის შემთხვევაში უვადოდ გასცემენ. ამის შესახებ მან პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

"ინდიკატორები თვითონ სამიზნის სწორია, ევროკავშირის სერტიფიკატიც სწორედ ამას მოიაზრებს და მსოფლიოს ძირითადი ყველა ქვეყნის. უბრალოდ, კარდინალური განსხვავება არის ერთ პუნქტში, როდესაც კოვიდის გადატანის შემთხვევა, რატომღაც, ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა, არ ვიცი სად და ვისთან მოხდა ამ კონსულტაციის გავლა, მსგავსი პრეცედენტი ვეძებ ბოლო დღეების განმავლობაში და ვერსად ვერ ვნახე, რომ უვადოდ მიეცემა გადატანის შემთხვევაში ადამიანებს კოვიდპასპორტი", — განაცხადა მან.

ამასთანავე, კულუმბეგოვმა აღნიშნა, რომ პანდემია პოლიტიკური პროცესების "მძევალი" არ უნდა გახდეს, რადგან ეს ადამიანებს აზარალებს.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, უვადო მწვანე სტატუსზე საუბარი წარმოუდგენელია. მისი თქმით, კორონავირუსი არ არის წითელა, რომელსაც გადაიტან და მისგან მთელი ცხოვრება თავისუფალი იქნები.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულია და სწორედ ამის გამო გვაქვს ორი მწვანე პასპორტი. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ უვადოდ მწვანე სტატუსი არ არის ცუდი გადაწყვეტილება.

პირველი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე პასპორტები ამოქმედდება. ეს მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის. პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ:

  • ვაქცინირებულია სრულად;
  • ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი;
  • ჩატარებული აქვს 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი;
  • გადატანილი აქვს კორონავირუსი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ადამიანს მწვანე სტატუსი ექნება მუდმივად.