ეკონომისტი რამაზ გერლიანი პოლიციამ იპოვა. მისი თქმით, სურამში იმყოფებოდა და წასვლის მიზეზი პოლიციელის მხრიდან შეურაცხყოფაა.

"სურამში და ძირითადად სურამის ტყის მიმართულებით ვმოძრაობდი. მივეცი უკვე [პოლიციას] განმარტება და მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელის, გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება — ეს იყო ძირითადი მიზეზი, რაც დაგროვდა დროთა განმავლობაში ჩემში და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. ჩემი ნებით ვიყავი წასული. [...] მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ჩემს პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტოვით დაკითხვა და ა.შ.", — თქვა გერლიანმა ჟურნალისტებთან პოლიციის განყოფილებიდან გამოსვლის შემდეგ.

რამაზ გერლიანს ოჯახის წევრები 19 დეკემბრიდან ეძებდნენ. გაუჩინარების დღეს მან პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და მუქარის შესახებ ფეისბუქზე განცხადება გამოაქვეყნა. გერლიანი წერდა, რომ რადგან ხალხი ამ პოსტს კითხულობს, "მთლად კარგად არ არის საქმე"; ამბობდა, რომ ღირსება შეულახეს და თავს ცუდად გრძნობს. მან გამოაქვეყნა სხვადასხვა დოკუმენტი, მათ შორის, ერთ-ერთი პირის ფეისბუქგვერდის სქრინი და განაცხადა, რომ სწორედ ის ემუქრებოდა, შეიარაღებული დახვდა ბინაში და მიაყენა შეურაცხყოფა.

გერლიანი აცხადებდა, რომ აღნიშნული პირი პოლიციის მუნდირის გამოყენებით, საპოლიციო სისტემითა და სხვადასხვა საშუალებით მასსა და ოჯახის წევრებზე პერსონალურ ინფორმაციას აგროვებდა. გერლიანი ვარაუდობდა, რომ ის ვინმეს დავალებითა ან დაკვეთით მოქმედებდა და მოპოვებულ ინფორმაციას სხვას გადასცემდა. ასევე, წერდა შესაძლო თვალთვალსა და მიყურადებაზეც.

მისივე თქმით, მომხდარზე პოლიციაშიც განაცხადა, თუმცა "კანონი დუმს", ხოლო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება საერთოდ არ დაიწყო. გერლიანი წერდა იმასაც, რომ განადგურებულია და რაც უნდოდათ, ის მიიღეს, მაგრამ მის მართვას ვერ შეძლებენ.

რამაზ გერლიანის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.