ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, საქართველოს პარტნიორების მიმართ ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არამეგობრული განცხადებები რუსეთის და პრორუსული ძალების წახალისებაა. ხაზარაძის თქმით, მსგავსი განცხადებები უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის.

"ამხანაგი კობახიძის" ანტიდასავლური, არამეგობრული განცხადებები ჩვენი პარტნიორების მისამართით, სხვა არაფერია თუ არა რუსეთის და პრორუსული ძალების წახალისება. ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მიმართ უნდობლობის დანერგვა, საზოგადოებაში ნიჰილიზმის გაჩენა, იმის შეპარვით მტკიცება, რომ დასავლეთი და ევროპა ჩვენს პრობლემებს ვერ მოაგვარებენ და ისევ ჩრდილოელი მეზობელი დაგვეხმარება... ალბათ სხვას არც უნდა ელოდე ქვეყანაში გავრილოვის ჩამომყვანისგან.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი თვითმყოფადობის გადარჩენის ერთადერთი გარანტი, დღეს ქართველი ხალხი და ცივილიზებული სამყაროა. ასეთი განცხადებები, მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, უცხოური ინვესტიციების შემოსვლას, სამუშაო ადგილების გაჩენას და ეკონომიკის სწრაფ ზრდას შეუძლებელს ხდის", — წერს ის.

ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ასეთი განცხადებები დასავლელი პარტნიორების მიმართ ქართული საზოგადოების ნდობას არყევს. შინაარსთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ განცხადებაში არაერთი უზუსტობაა და მთლიანობაში არასამართლიანია.

3 იანვარს აშშ-ის საელჩომ საქართველოს ხელისუფლება ინსპექტორის სამსახურისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებში შეტანილი ცვლილებების გამო გააკრიტიკა. საელჩოს განცხადებით, გასულ კვირას ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ქართულმა ოცნებამ მთავრობის ანგარიშვალდებულებას ძირი გამოუთხარა, ხოლო სასამართლოებზე მიღებული კანონპროექტით კიდევ უფრო შეასუსტა ნდობა სასამართლოს მიმართ.

გაიგე მეტი: