ბათუმში სასტუმრო ჰილტონთან გამართულ აქციაზე, სადაც ქართული ოცნების თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთაც შეხვედრას ითხოვდნენ, 6 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ინფორმაცია On.ge-ის შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

დღეს ხმაური და დაპირისპირება იყო ჰილტონთან — იქ შეკრებილები, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმროში იმყოფებოდნენ და კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ სამართალდამცველებმა მათ შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. აქციაზე იყო ნაციონალური მოძრაობის გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის დაც. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ კითხვები დეპუტატის გარდაცვალებასთან და საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით.

"ირაკლი კობახიძე არის ის ადამიანი, ვინც დაიწყო შანტაჟი და ზეწოლა ბათუმის საკრებულოს წევრებზე, მისი განცხადების შემდეგ დაიწყო ზეწოლა ნუგზარ ფუტკარაძეზე, ამის გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, ასე პანტაპუნტით აკავებენ", — განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ენმ-დან, ნუგზარ ფუტკარაძე 18 ნოემბერს გარდაიცვალა. 24 ნოემბერს პარტიამ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მის გარდაცვალებაში ქართული ოცნება დაადანაშაულა. კერძოდ, ენმ-ში აცხადებენ, რომ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, ძალოვანი უწყეის მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ზეწოლას ახდენდა. აღსანიშნავია, რომ ენმ დავით რიჟვაძეს ოპოზიციონერი წევრების მუქარაში იქამდეც ადანაშაულებდა.

ენმ-მ ბრიფინგზე ჩანაწერები გაასაჯაროვა, რომელშიც, მათი თქმით, ფუტკარაძის, თაბაგიძისა და ბაკურიძის საუბარია ასახული. ჩანაწერები On.ge-ს პარტიიდან მიაწოდეს და მათში ისმის, რომ, სავარაუდოდ, ოპოზიციის წევრს ჩვენთვის უცხო პირები "ნეიტრალურობას" სთხოვენ — ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს განცხადებას ნაციონალური მოძრაობის დატოვებაზე და სხვა ოპოზიციაში ვერ გადავა. პასუხად, კი იღებს, რომ სხვა ოპოზიციაში კი არა, "ნეიტრალურში გადავიდეს".

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.