როგორია, უყურო ომს რუსული ტელევიზიით — ალტერნატიული რეალობა ეკრანებიდან
რუსული სახელმწიფო მედიის მიერ შექმნილი ალტერნატიული რეალობა უფრო ნათლად არასდროს წარმოჩენილა, ვიდრე 1 მარტს, 17:00 საათზე. მაშინ, როდესაც დასავლური მედია კიევში სატელევიზიო კოშკზე რუსული თავდასხმის შესახებ ცნობებს ავრცელებდა, რუსული ტელევიზია იუწყებოდა, რომ უკრაინა საკუთარ ქალაქებზე განხორციელებულ დარტყმებზე იყო პასუხისმგებელი.
რას იგებენ რუსი ტელემაყურებლები ომის შესახებ თავიანთი ეკრანებიდან? რა გზავნილებს ისმენენ ისინი ეთერში? ქვემოთ მოცემულია BBC Monitoring-ის მოკლე მიმოხილვა იმაზე, თუ რას ხედავდნენ რიგითი რუსები სამშაბათს, 1 მარტს კრემლისა და მისი კორპორაციული მოკავშირეების მიერ კონტროლირებულ მთავარ არხებზე გადართვისას.
"დილა მშვიდობისა" სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად და რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, პირველ არხზე გადის. ერთი შეხედვით, ის — თავისი ახალი ამბების, კულტურისა და მსუბუქი გართობის ნაზავით — არაფრით განსხვავდება ბევრი სხვა ქვეყნის დილის მაუწყებლობისგან.
სამშაბათს, მოსკოვის დროით 05:30 საათზე [02:30 GMT], ტრანსლირების ჩვეული მიმდინარეობა წყდება. წამყვანები აცხადებენ, რომ ტელევიზიის განრიგი შეიცვალა "კარგად ცნობილი მოვლენების გამო" და რომ სიახლეების გაშუქების სიხშირე მოიმატებს. ახალი ამბების გამოშვება იუწყება, რომ უკრაინული ძალების მიერ რუსული სამხედრო ტექნიკის განადგურების შესახებ ცნობები მცდარია და შექმნილია "გამოუცდელი მაყურებლის შეცდომაში შეყვანის მიზნით".
"ინტერნეტში გრძელდება კადრების გავრცელება, რომლებსაც არ შეიძლება ეწოდოს არაფერი სხვა, თუ არა ყალბი", — განმარტავს წამყვანი მაყურებლისთვის იმ ფოტოების ჩვენებისას, რომლებიც აღწერილია როგორც "დაუხვეწავი ვირტუალური მანიპულაციები".
მოგვიანებით, მოსკოვის დროით 08:00 საათზე, დილის საინფორმაციო გამოშვება გადის სატელევიზიო არხ NTV-ზე, რომელიც კრემლის მიერ კონტროლირებული გაზპრომის შვილობილ კომპანიას ეკუთვნის. იგი თითქმის ექსკლუზიურად კონცენტრირებულია დონბასში — უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე. 24 თებერვალს რუსეთმა განაცხადა, რომ სწორედ ამ ტერიტორიიდან იწყებდა თავის "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უკრაინის "დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით".
გადაცემის მსვლელობისას ერთხელაც არ არის ნახსენები კილომეტრებზე გადაჭიმული ავისმომასწავებელი სამხედრო კოლონა, რომელიც იმ მომენტში ბელარუსიდან უკრაინის დედაქალაქ კიევისკენ მიემართება. არადა, ნახევარი საათის შემდეგ სწორედ ამ ამბით იწყებს გაერთიანებულ სამეფოში BBC Radio 4 თავის საინფორმაციო გამოშვებას.
"ჩვენ ვიწყებთ უახლესი ამბებით დონბასიდან. LNR-ის [ეგრეთ წოდებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის"] მებრძოლები აგრძელებენ შეტევას. მათ გაიარეს 3 კილომეტრი, ხოლო DNR-ის [ეგრეთ წოდებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის"] ქვედანაყოფებმა გაიარეს 16 კილომეტრი", — აცხადებს NTV-ის წამყვანი. ის გულისხმობს მოსკოვის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს, რომლებიც რვა წლის წინ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ინტერვენციიდან მოყოლებული, ეგრეთ წოდებულ "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს" აკონტროლებენ.
Russia 1-ზე და პირველ არხზე — რუსეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ ორ ყველაზე პოპულარულ არხზე — უკრაინულ ძალებს დონბასის რეგიონში ჩადენილ ომის დანაშაულებში სდებენ ბრალს. "უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საფრთხე არა რუსული ძალებისგან, არამედ 'უკრაინელი ნაციონალისტებისგან' მოდის", — აცხადებს Russia 1-ის წამყვანი, — "ისინი იყენებენ მშვიდობიან მოსახლეობას როგორც ადამიანურ ფარს. თავდასხმის სისტემებს განზრახ ათავსებენ საცხოვრებელ უბნებში და დონბასში ქალაქების დაბომბვას აძლიერებენ".
პირველი არხის წამყვანი აცხადებს, რომ უკრაინის ჯარები "ემზადებიან საცხოვრებელი სახლების დაბომბვისთვის" და საწყობების ამიაკით განადგურებისთვის, რაც იქნება "პროვოკაციის აქტები მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსული ძალების წინააღმდეგ".
ამ არხებზე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ომად არ მოიხსენიებენ. ამის ნაცვლად, რუსული ჯარის თავდასხმა აღწერილია როგორც სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე ორიენტირებული დემილიტარიზაციის ოპერაცია ან "სპეციალური [სამხედრო] ოპერაცია სახალხო რესპუბლიკების დასაცავად".
სახელმწიფოს მიერ გაკონტროლებულ ტელევიზიაში წამყვანები და კორესპონდენტები იყენებენ ემოციურ ლექსიკას და სურათებს, რათა "ისტორიული პარალელები" გაავლონ რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციასა" და საბჭოთა კავშირის მხრიდან ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლას შორის. "მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ შეცვლილა ნაციონალისტების ტაქტიკა — ისინი ბავშვებს საკუთარი თავების დასაცავად იყენებენ", — ამბობს Russia 24-ის დილის გადაცემის წამყვანი.
"ისინი იქცევიან ფაშისტებივით, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: ნეონაცისტები თავიანთ ტექნიკას ათავსებენ არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებთან, არამედ იმ სარდაფებთანაც, რომლებსაც ბავშვები აფარებენ თავს", — დასძენს კორესპონდენტი ვიდეორეპორტაჟში სახელწოდებით, უკრაინული ფაშიზმი.
ეს უკანასკნელი სიტყვები ვლადიმერ პუტინის მიერ გასულ კვირას გაკეთებულ იმ დაუდასტურებელ განცხადებებს ეხმიანება, რომელთა თანახმადაც, უკრაინა ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს ცოცხალ ფარად იყენებს.
მაშინ, როდესაც დასავლეთის მედია განიხილავს იმ მიზეზებს, თუ რატომ გაუჭირდა პუტინის თავდასხმას სწრაფი პროგრესირება, რუსული ტელევიზია თავისი ქვეყნის ოპერაციებს ისე წარმოაჩენს, თითქოს ისინი დიდ წარმატებას აღწევენ. რეგულარულად მოწოდებული სიახლეები განადგურებული უკრაინული ტექნიკისა და იარაღის სტატისტიკას აღრიცხავს. "უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1 100-ზე მეტი ობიექტი მწყობრიდანაა გამოყვანილი, განადგურებულია ასობით ტექნიკა", — იუწყება დილის ახალი ამბები. რუსეთის დანაკარგის შესახებ საუბარი არ არის.
რუსული დილის საინფორმაციო გამოშვებები თითქმის საერთოდ არ აღიარებენ, რომ მათი ქვეყნის არმია უკრაინის სხვა ნაწილებსაც ესხმის თავს. სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტები არ იუწყებიან ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა კიევი და ხარკოვი — ორი დიდი ქალაქი, სადაც საცხოვრებელი სახლები დაიბომბა. სამაგიეროდ, დონბასში ისინი სამხედრო ქვედანაყოფებში არიან გამაგრებულები.
თუმცა, ახალი ამბების შუადღის გამოშვებაში NTV საბოლოოდ მაინც ახსენებს ქალაქ ხარკოვის დაბომბვას — ამბავს, რომელიც საათების განმავლობაში დასავლური მედიის უწყვეტი ყურადღების ცენტრშია. მაგრამ NTV, ამასთან, რუსული ძალების პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და ასეთ ცნობებს "ყალბს" უწოდებს.
"რაკეტის ტრაექტორიით თუ ვიმსჯელებთ, დარტყმა განხორციელდა ჩრდილო-დასავლეთიდან, სადაც რუსული ძალები არ არიან", — აცხადებს წამყვანი მოსკოვის დროით 16:00-საათიანი საინფორმაციო გამოშვების დროს. ოთხი საათის შემდეგ კი Russia 1-ის ეთერში კიდევ უფრო შორს მიდიან და დაბომბვაში თავად უკრაინას ადანაშაულებენ. "დაარტყა ხარკოვს და თქვა, რომ ეს იყო რუსეთი. უკრაინა საკუთარს ანადგურებს და დასავლეთს ატყუებს. მაგრამ ხალხის მოტყუება თუა შესაძლებელი?" — კითხულობს წამყვანი.
17:00-საათიანი გამოშვების დროს Russia 1-ის წამყვანი აღწერს იმას, რაც, მისი თქმით, არის რუსეთის "მთავარი მიზანი" უკრაინაში: "რუსეთის დაცვა საფრთხისგან დასავლეთიდან, რომელიც უკრაინელ ხალხს მოსკოვთან დაპირისპირებისთვის იყენებს". ის აცხადებს, რომ ინტერნეტში გავრცელებული უკრაინასთან დაკავშირებული "ყალბი ამბების და ჭორების" წინააღმდეგ საბრძოლველად რუსეთის მთავრობა ქმნის ახალ ვებსაიტს, სადაც "მხოლოდ უტყუარი ინფორმაცია გამოქვეყნდება".
მედიის სამეთვალყურეო ორგანო, Roskomnadzor ტელეკომპანიებს ავალდებულებს, მიჰყვნენ ოფიციალურ ნარატივს. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამშაბათის გადაცემების ტონში მრავალფეროვნება არ შეინიშნებოდა. სანამ საინფორმაციო გამოშვებები უკრაინელების ომის დანაშაულებზე საუბრობდნენ, ვიაჩესლავ ნიკონოვმა (კრემლის იდეოლოგიის გამავრცელებელი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს პირველი არხზე ტოქშოუ "დიდი თამაშის" საშუალებით აშუქებს) გამოშვება უკრაინისადმი სიყვარულზე საუბრით დაასრულა: "ძალიან მიყვარს უკრაინა. მიყვარს უკრაინელები. არაერთხელ მიმოგზაურია მთელი ქვეყნის გარშემო. ეს მართლაც ბრწყინვალე, მშვენიერი ქვეყანაა. და ვფიქრობ, რუსეთი, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია, რომ ის იყოს აყვავებული, მეგობრული ქვეყანა... ჩვენი მოტივი სამართლიანია. ჩვენ გავიმარჯვებთ".
ახალგაზრდა რუსების მზარდი რაოდენობა ახალ ამბებს დამოუკიდებელი საიტების ან სოციალური მედიის საშუალებით ეცნობა. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ომი, მით უფრო მეტი დაღუპული ჯარისკაცისა და სამხედრო ტყვის ამსახველი ვიდეო ვრცელდება. რუსეთის ხელისუფლება ამაზე რეაგირებს და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას ზრდის.
Roskomnadzor-მა ტიკტოკს მოსთხოვა, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის კონტენტი არასრულწლოვანებისთვის რეკომენდაციების სახით აღარ გამოჩენილიყო. ის ჩიოდა, რომ "უმეტეს შემთხვევაში ამ მასალებს ღიად გამოხატული ანტირუსული ხასიათი აქვს". მან Google-ისგანაც მოითხოვა, წაშალოს ის, რასაც თავად Roskomnadzor უწოდებს ცრუ ინფორმაციას რუსული არმიის რეგისტრირებული დანაკარგების შესახებ. 4 მარტს კი რუსეთში ფეისბუქი და ტვიტერი დაიბლოკა.
Roskomnadzor-მა დაავალა მედიასაშუალებებს, უკრაინაში შეჭრის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური რუსული წყაროებიდან გამოიყენონ და მოითხოვა, წაიშალოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება "ომის გამოცხადებას" ან "შეჭრას". დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ის მათ ჯარიმებით და დაბლოკვით დაემუქრა. დამოუკიდებელი ტელეარხ დოჟდის და პოპულარული ლიბერალური რადიო ეხო მასკვის ვებსაიტები დაბლოკილია იმ ბრალდებით, რომ ისინი თითქოს ექსტრემიზმისა და ძალადობისკენ მოწოდებებს და "რუსი სამხედროების საქმიანობის შესახებ ცრუ ინფორმაციას სისტემატურად ავრცელებდნენ".
-
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები