ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი გავრცელებულ ჩანაწერებზე აცხადებს, რომ თუ ეს მართალია და იმ ქვეყნის ლიდერები, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ ისწრაფვის, საქმეს სანქცირებულ პირებთან იჭერენ, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს.

"თუ ეს მართალია და პოლიტიკური, ბიზნეს ლიდერებს იმ ქვეყნისა, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის, საქმე აქვთ სანქცირებულ პირებთან, ეს სერიოზულ კითხვებს ბადებს სანქციების შესაძლო თავიდან აცილებისა და ქვეყნის ევროპული მომავლისადმი ერთგულების შესახებ", — წერს ის ტვიტერზე.

25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.

გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".

ვინ არიან ევტუშენკოვი და უზდანოვი

ვლადრიმერ ევტუშენკოვი და ალი უზდანოვი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ჰოლდინგის AFK სისტემას ხელმძღვანელები არიან. ევტუშენკოვი კომპანიის დამაარსებელი რუსი ოლიგარქია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ. მას შემდეგ რაც ევტუშენკოვს სანქციები დაუწესეს, მან კომპანიის წილები ნათესავებს გადაუნაწილა და სისტემას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. უზდენოვი სისტემას მმართველი პარტნიორია, მანამდე კი ამავე კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი იყო.

რაც შეეხება თავად სისტემას, ის რუსულ ბაზარზე უმნიშვნელო კომპანიად ნამდვილად არ მიიჩნევა. მეტიც, 2017 წელს მასთან დაკავშირებულ პროცესებში ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც კი იყო ჩართული. კერძოდ, სისტემისა და როსნეტფის დავის მოგვარება სწორედ მის სახელს უკავშირდება, რადგან პუტინმა ორივე კომპანიის დირექტორები კრემლში მიიწვია, რის შემდეგაც შეთანხმება შედგა. რუსული მედია აქტიურად წერდა იმაზე, რომ პუტინის განცხადების შემდეგ სისტემის აქციების ფასი გაიზარდა.

ამასთან, 2014 წელს, როცა ევტუშენკოვის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით საქმე იყო აღძრული, თავად პუტინმა განაცხადა, რომ მას ბრალი მოეხსნა. 2018 წლის სექტემბერში კი პუტინმა ევტუშენკოვს მადლობა გამოუცხადა "მიღწეული სამსახურებრივი წარმატებებისა და მრავალწლიანი კეთილსინდისიერი მუშაობისთვის".

ცნობილია ისიც, რომ ამავე კომპანიის პრეზიდენტი და მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, ვლადიმერ ჩირახოვი რუსული სპეცსამსახურების, FSB-ს კურსდამთავრებულია. ეს ინფორმაცია საჯაროა და კომპანიის ვებგვერდზეც არის გამოქვეყნებული.

ამავე კომპანიის ყოფილი ხელძღვანელია კარტოგრაფების საქმის ცნობილი ფიგურანტი, დავით ხიდაშელი, რომელიც ქართულ ოცნებასთან არის აფილირებული. კერძოდ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მოქმედი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ სწორედ ხიდაშელმა გადასცა მას ის რუკები, რომლებმაც კარტოგრაფების საქმის მიმდინარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა. ოპოზიციური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ დავით გარეჯის საქმეზე ხიდაშელის ჩართულობა შესაძლოა კრემლის ინტერესებში ყოფილიყო. გარდა ამისა, 1998-2006 წლებში ძალადობრივი ჯუგუფის ხელმძღვანელს, ლევან ვასაძე AFK სისტემას კომპანიის სტრატეგიისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეჭირა და პარალელურად, ამ ჰოლდინგში შემავალი კომპანიების დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.

ამავე თემაზე: