ამის შესახებ ხალხის ძალის წევრმა პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გურამ მაჭარაშვილი ქართული ოცნების ყოფილი წევრია, თუმცა ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობაშია. გასული წლის აგვისტოში რამდენიმე დეპუტატთან ერთად მან ანტიდასავლური "სახალხო მოძრაობა", ხალხის ძალა დააფუძნა.

  • ისინი სისტემატურად ესხმიან თავს აშშ-ის ელჩს, ავრცელებენ პრორუსულ ნარატივებს, რომ დასავლეთს საქართველოს "ომში ჩათრევა" სურს.
  • ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხალხის ძალის ოთხეულს ღირსეულ კოლეგებად მოიხსენიებს და არ ფიქრობს, რომ ისინი ტყუილისა და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან.
  • საქართველოს პრეზიდენტმა ხალხის ძალაზე საუბრისას პრემიერსა და მთავრობას მოუწოდა, გაემიჯონ "იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელი ტექსტებითა და რიტორიკით გამოდიან".

დეტალები: გურამ მაჭარაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ ქვეყნის ერთიანობა და მშვიდობა სურთ, უნდათ პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და თანამშრომლობა ევროკავშირთან.

  • მაგრამ აქვე კრემლის ნარატივი გააჟღერა და აღნიშნა, რომ ეს არ უნდათ "სუვერენიტეტის ხარჯზე, ომის ხარჯზე და იმ არეულობის ხარჯზე, რაც არის დაგეგმილი."
  • "NATO არ არის თვითმიზანი, პირდაპირ გეუბნებით, NATO თვითმიზანი არ არის და არც ევროკავშირია თვითმიზანი, ევროკავშირი არის საშუალება, რომ ჩვენ ის ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ისედაც ვითარდება, კიდევ უფრო განვავითაროთ", — განაცხადა მაჭარაშვილმა.
  • დეპუტატის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარი საქართველოში დგას, ყველა პლატფორმაზე რუსეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
  • "მითხარით ერთი ქვეყანა, რომელიც ოკუპირებულია 20% რუსეთის მიერ და უკრაინას ამ დონეზე დაუდგა გვერდით", — თქვა მაჭარაშვილმა.

კონტექსტი: დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა და დეზინფორმაციები ქვეყანას ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე აბრკოლებს.

  • კონსტიტუციაში ხაზგასმულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
  • ასევე, ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს სწორედ NATO-ში გაწევრიანება წარმოადგენს.
  • გარდა ამისა, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ყოველწლიური კვლევები ადასტურებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერს მხარს.
  • მაგალითად, NDI-ის 2021 წლის კვლევის მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებას გამოკითხულთა 76% უჭერს მხარს, NATO-ში — 74%.
  • ამავე ორგანიზაციის 2022 წლის მარტის კვლევის მიხედვით, კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, გამოკითხულთა 71% დადებითად პასუხობს.
  • IRI-ის წლევანდელი კვლევით კი, ევროკავშირში გაწევრიანებს სრულად გამოკითხულთა 74% ემხრობა, NATO-ში — 60%.