საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 27 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე მიწოდებული ვიდეომასალის გამო ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიმართეს. 20-ზე მეტი განმცხადებელი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მეათე (პირადი ცხოვრების ხელშეულხებლობა) მუხლები.

"ამ მასალის ჩვენებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დააკმაყოფილა არა საზოგადოების ინტერესი, მიეღო ზუსტი ინფორმაცია, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერესი - ზვიად რატიანი წარმოჩნილიყო უაღრესად დამამცირებელ ვითარებაში", - აღნიშნავენ განმცხადებლები და დასძენენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს მოვლენებს.

განცხადებას ხელს აწერენ: ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული, მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაძე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი და ლაშა ბაქრაძე.

ქარტიის საბჭო საქმეს 28 დეკემბერს 18:30 საათზე განიხილავს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 27 დეკემებერს ვებგვერდზე, ზვიად რატიანის საქმეზე გამოაქვეყნა შსს-ს ვიდეომასალა, რომელიც სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეო დამონტაჟებულია. არც ვიდეოდან ირკვევა და არც პირველი არხი აზუსტებს არის თუ არა ეს სრული ჩანაწერი.

ზვიად რატიანი ე.წ. რეიდების დროს პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ადანაშაულებს. შსს-ს მტკიცებით კი რატიანი ნასვამი იყო, ვერ აკონტროლებდა ქცევას და ლექსიკას, იქცეოდა აგრესიულად, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცველებს. შსს იმასაც უარყოფს, რომ პოლიციელებს ფორმა არ ეცვათ.

პოეტის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და ხულიგნობას ედავებიან.