ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

"სამწუხაროდ, რუსეთი რას ამბობს და რას აკეთებს ერთმანეთისგან განსხავდება და ჩვენ რასაც ვხედავთ, მნიშვნელოვანი უკან დახევა არაა. პირიქით, ჩვენ კვლავ ვხედავთ სამხედრო ძალებს, განსაკუთრებით ძალებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი განახლებული აგრესიის ავანგარდში იქნებიან, ისინი აგრძელებენ საზღვართან ყოფნას", — ამბობს ის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა თქვა, რომ ჯარები უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაჰყავს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამას ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.