ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათთვის მისაღები არაა "ომის პარტიასთან" ერთად ვიზიტი უკრაინაში. მისი თქმით, ახლა მოცემულობა შეცვლილია ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი.

"ჩვენთვისაც არ არის მაინცდამაინც მისაღები ომის პარტიასთან ერთად ამ ვიზიტის განხორციელება. მოცემულობა არის უკვე შეცვლილი ეს იქნება არა საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი უკრაინაში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი უკრაინაში. აქედან გამომდინარე ბუნებრივია ყველა დეტალი გადაიხედება", — ამბობს კობახიძე.

8 აპრილს საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასინოვმა განაცხადა, რომ რადას თავმჯდომარე ყველა პარლამენტარს, მათ შორის, შალვა პაპუაშვილს ბუჩაში იწვევდა, რათა საკუთარი თვალით ნახონ იქ ჩადენილი დანაშაულები. პაპუაშვილის განცხადებით, რიგი "საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს". პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა ისიც, რომ უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ადამიანური და ისტორიული ვალია.

"არის თუ არა სათანადო, "არასათანადო" უწოდო მეგობარ ქვეყანაში ჩასვლის მოწვევას, რომ დაინახო მისი უბედურება, გაიზიარო მისი მწუხარება, უთხრა მხარდამჭერი სიტყვები? მგონია, რომ მეგობარმა ეს უნდა გააკეთოს მოწვევის გარეშე", — ასე უპასუხა უკრაინის რადას თავმჯდომარემ კოლეგას.

გუშინ კი სტეფანჩუკმა განაცხადა, რომ 13 აპრილს პაპუაშვილთან ოფიციალური ზარი ექნება და კიდევ ერთხელ დაუდასტურებს მოწვევას. დღეს პაპუაშვილმა დაწერა, რომ უკრაინაში მისი ვიზიტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. როდის ჩავა ის უკრაინაში არ დაუკონკრეტებია.

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით კი, უკრაინაში რომ ქართულ ოცნებასთან ერთად წავიდეს, "უკანასკნელი აფერისტი" უნდა იყოს. ამის შესახებ ის საკუთარ Facebook-ზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ბუჩაში წასვლის ერთ-ერთი ინიციატორი იყო და რჩება.

ამასთან, როგორც გუშინ, 12 აპრილს გახდა ცნობილი, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში ჩასვლას კვირის ბოლომდე გეგმავს. დელეგაციის წევრებს შორის, სავარაუდოდ, იქნებიან დავით სერგეენკო, ბექა ოდიშარია და არჩილ თალაკვაძე.