პარტია დროას განცხადებით, რუსეთის ავტორთა საზოგადოება(RAO) სანქციების გვერდის ასავლელად საქართველოს იყენებს. მათი თქმით, აქვთ წერილი, რომელსაც RAO უგზავნის ესტონეთის ავტორთა საზოგადოებას. როგორც დროას მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ, RAO სთხოვს ჰონორარის გადარიცხვა აწარმოონ საქართველოში მათი პარტნიორი ორგანიზაცია GERA-ს მეშვეობით. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მათ ესტონეთის ავტორთა საზოგადოება თანხმდება.

"უკანასკნელ პერიოდში RAO-პრობლემა შეექმნა ჰონორარის უცხოურ ვალუტაში გაცვლასთან დაკავშირებით. უმსხვილესი რუსული ბანკები დაექვემდებარა ბლოკირების სანქციებს. ასევე, ქვეყნის შიგნით დაწესდა მკაცრი ლიმიტები და შეზღუდვები ყველა პირისა და კომპანიის მიმართ უცხოურ ვალუტაში გადახდებისთვის. ამჟამად ვცდილობთ გამოვნახოთ გზა არსებული ვითარების გადასალახად.

გვსურს შემოგთავაზოთ ჩვენი ორმხრივი ჰონორარის გაცვლის გზა — ჩვენი პარტნიორი საქართველოში — GERA. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, Gera-ს შეუძლია მიღოს გადახდები რუსულ რუბლში და შემდეგ დააკონვერტიროს ის აშშ დოლარსა და ევროში შესაბამისი გადახდების განსახორციელებლად", — ვკითხულობთ დროას მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

ფოტო: პარტია დროა

პარტიაში ამბობენ, რომ რუსეთთან კავშირს ჯერ კიდევ დაფუძნების დროს არ მალავდნენ GERA-ს წარმომადგენლები.

საქართველოშესახებ რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შესაძლოა, მას სანქციების გვერდის ავლის გზად იყენებდეს. პარლამენტის დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის დროს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა, რუსეთისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობა განიხილა.

ვიზიტის შემდეგ პარტია ლელოს დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა თქვა, რომ რუსლან სტეფანჩუკმა ქართულ მხარეს ორი რამ სთხოვა. პირველი — საქართველომ იმსჯელოს ორმხრივ სანქციებზე, სადაც ამის შესაძლებლობას დაინახავს და მეორე — საქართველომ გადადგას ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა და ეს ეხება რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლას.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველო არ იქნება ქვეყანა, სადაც რუსეთს ექნება შესაძლებლობა, გვერდი აუაროს სანქციებს. მისი თქმით, არ აქვთ ისეთი ინსტრუმენტები ორმხრივი სანქციების კუთხით, რომლითაც შეიძლება რაიმე ეფექტი მოვახდინოთ, რუსეთის გადაწყვეტილებებზე.