ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია — ომის დაწყების შემდეგ, პორტების დაბლოკვის გამო ექსპორტი გაჩერებული იყო, რაც გლობალური კრიზისის საფრთხეს ქმნიდა.

  • მარცვლეულის გატანაზე შეთანხმების მისაღწევად ოთხმხრივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომლებშიც რუსეთ-უკრაინის გარდა, თურქეთი და გაერო იყო ჩართული.
  • საბოლოოს შეთანხმებასაც ხელი ამ ოთხეულმა მოაწერა და პასუხისმგებლობები გაინაწილა — მათ შორის, საზღვაო დერეფანში გემების მარშრუტსა და უსაფრთხოებაზე.

რატომ შეჩერდა შეთანხმება: 29 ოქტომბერს რუსეთმა შეთანხმება თავადვე დატოვა და როგორც ყოველთვის, უკრაინას დააბრალა.

  • მიზეზი სევასტოპოლში დრონებით რუსების სამხედრო გემების დაბომბვა გახდა, რაც უკრაინას ოფიციალურად თავის თავზე არ აუღია, თუმცა არც უარუყვია.
  • აგრესორი ქვეყანა ამტკიცებდა, თითქოს უკრაინელებმა, ბრიტანელების დახმარებით, დაბომბეს არამხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო გემიც და თან დრონები შეთანხმებაში მონაწილე მარცვლეულით დატვირთული გემებიდან გაუშვეს.
  • უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ბრალდებებს აბსურდული უწოდეს — ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირონიულადაც კი თქვა, რომ მკვლელი ჩიტების შემდეგ, რუსები მკვლელ მარცვლეულზე ალაპარაკდნენ.

რა ხდებოდა შემდეგ: აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი კვლავ იარაღად იყენებდა საკვებს, რაც ამწვავებდა ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს. ევროკავშირმა კი მოუწოდა რუსეთს, დაბრუნებოდნენ შეთანხმებას.

  • უკრაინა, გაერო და თურქეთი რუსეთის გარეშე შეთანხმდნენ მარშრუტზე, რომლითაც მარცვლეულს გაიტანდნენ.
  • თუმცა რუსეთში ამბობდნენ, რომ შავ ზღვაში მარცვლეულით დატვირთული გემების მოძრაობა "მიუღებელია".
  • გაერო და თურქეთი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ პუტინთან, რომ დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ — უკრაინა პასუხს უახლოეს დღეებში ელოდა.

რატომ "შეიცვალა" რუსეთმა აზრი: თავდაცვვის სამინისტროს მტკიცებით, მათ უკრაინისგან მიიღეს წერილობითი გარანტია, რომ საზღვაო ჰუმანიტარული დერეფანი გამოყენებული იქნება მხოლოდ შავი ზღვის ინიციატივის დებულებების და შეთანხმების მიხედვით.

  • მათი თქმით, "მოცემულ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისი" აღმოჩნდა, რომ "სევასტოპოლში ტერაქტის" გამო შეჩერებულ მარცვლეულის შეთანხმებაში დაბრუნებულიყვნენ.
  • როგორც მედუზა წერს, უკრაინული პორტებიდან ექსპორტი განახლდა.