ევროპული საქართველოს ლიდერის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეწყალებასთან დაკავშირებული საქმეები უშუალოდ საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შუამდგომლობით გვარდება. ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დღეს, 18 სექტემბერს ბრიფინგი გამართეს. მათ ეს ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელეს. ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ "წყარო დაკავშირებულია საადვოკატო წრეებთან".

"როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, ანუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი შეიწყალოინ. ამ წყაროს არ აქვს ინფორმაცია კორუფციულ საკითხებს გადის თუ არა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტთან ერთად, მაგრამ აქვს ვარაუდი, რომ პრეზიდენტის გვერდის ავლით, ეს შეუძლებელია", — ამბობს ირმა ნადირაშვილი.

ევროპული საქართველოს წევრები პროკურატურას ერთთვიან ვადას აძლევენ გამოძიების დაწყებისთვის. ოთო კახიძის თქმით, თუ ინფორმაციის ნამდვილობას პროკურატურა არ გადაამოწმებს, მათი პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნით გამოვა:

"პროკურატურამ უნდა გადაამოწმოს საპარლამენტო მდივნის შესაძლო კავშირები შეწყალებულების ოჯახებთან და ადვოკატებთან, ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, რაც ნათელს მოფენს ამ გარემოებას".

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს დილით, 18 სექტემბერს გამოეხმაურა შეწყალებების საკითხს და თქვა, რომ დიმიტრი გაბუნია "არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ჩართული". სალომე ზურაბიშვილის თქმით, დიმიტრი გაბუნიასგან რჩევაც კი არ მიუღია და არც თავად უკითხავს, თუ რას ფიქრობდა, რომელიმე გადაწყვეტილებაზე.

"ეს გამორიცხულია და ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს", — თქვა სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე.

პრეზიდენტმა დღეს პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

პრეზიდენტის მიერ პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობისას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს.

ამავე თემაზე: