ნაციონალურმა მოძრაობამ და აქტივისტებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს. როგორც ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი კირთაძე აცხადებს, ისინი ბიძინა ივანიშვილს არჩევნების მოპარვას არ აპატიებენ.

უმაღლესი საბჭოს შენობასთან თავდაპირველად ოპოზიციას არ უშვებდნენ, რადგან ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.

"სიმბოლურად ჩამოვკიდეთ ბოქლომი, ეს პროცესები გაგრძელდება", — განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა.

ოპოზიციურმა პარტიებმა და აქტივისტებმა ადმინისტრაციული შენობების "დაბოქლომება" პარლამენტის პიკეტირების შემდეგ დაიწყეს. დღეს, 22 ნოემბერს მათ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს დაადეს ბოქლომები.

"მაინც დაგაბოქლომებთ"

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.