ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა ოჯახის განცხადებას ავრცელებს. ოჯახი ბასილაშვილის ყოფილ ცოლზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობას უარყოფს.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა, ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა [...]

რაც შეეხება 21 მაისის შემთხვევას, ნელი დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის მშობლების საკუთრებაში უნებართვოდ შეიჭრა, სადაც გამიზნულად ცდილობდა კონფლიქტის გამოწვევას", — ვკითხულობთ განცხადებაში.

მათი მტკიცებით, დოროყაშვილი აქამდე ნიკოლოზ ბასილაშვილის დედას უჩიოდა ბავშვზე ძალადობის ბრალდებით, თუმცა სასამართლომ დედა გაამართლა.

მსოფლიოს 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს.

როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან დიდი ხნის წინ მოლაპარაკებით დასრულდა.

"ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა", — აღნიშნა ქალმა.

საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.