ქართული ოცნება 48,05% და ენმ 27,07% — ცესკომ ხმების 97% დათვალა

დღეს, 16:00 საათიდან ოპოზიცია პარლამენტთან აქციას მართავს. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. აი რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები:

1. ევროპული საქართველო

გიგი უგულავა:

ფოტო: ევროპული საქართველო

"ევროპული საქართველო არჩევნებს არ აღიარებს, მე პირადად ამ პარლამენტში არ შევიდოდი. ევროპული საქართველო ვთვლით, რომ არ იყო არჩევნები და არ ვცნობთ ამ არჩევნების უფლებამოსილებას".

2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია

ნანუკა ჟორჟოლიანი:

ფოტო: ნანუკა ჟორჟოლიანი / Facebook

"მართლა წარმოუდგენელია. იმედი მაქვს, ოპოზიცია უარს იტყვის ამ მანდატებზე, რომელიც გადმოუგდეს და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად სხვა გზით წავალთ".

3. მოქალაქეები

ალეკო ელისაშვილი:

"საერთო კონსენსუსია საჭირო. საჭიროა, რომ ყველამ უარი ვთქვათ მანდატებზე და ამით შევქმნათ კონსტიტუციური, სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ არ ჩატარდეს პარლამენტის სხდომა, არ იქნას ცნობილი სამართლებრივად უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტისა და ავტომატურად კონსტიტუციის შესაბამისად დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები".

4. გირჩი

ზურაბ ჯაფარიძე:

"ჯერჯერობით პოზიცია ჩამოყალიბებული ამასთან დაკავშირებით არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, მარა ერთ-ერთ ვერსიად ეგეც [მანდატებზე უარის თქმა] განიხილება".

5. პატრიოტთა ალიანსი

ირმა ინაშვილი:

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

"აბსოლუტურად შეუძლებელია, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსს ამ არჩევნებში მიეღო 3%! შეუძლებელია, რომ პარტიის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდეს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე არჩევნებში მოგვცა ხმა! [...] ჩვენ არ ვაპირებთ დათმობას! იქნება აქციებიც და იქნება მოწოდებებიც! ჩვენ ვემზადებით დიდი ბრძოლისთვის".

6. ლეიბორისტული პარტია

შალვა ნათელაშვილი:

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი

"არჩევნები მითვისებულია, ხალხის ნება გაყალბებული. უარი უნდა განვაცხადოთ არჩევნების შედეგების აღიარებაზე, მოვითხოვოთ ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნები. უნდა გაიმართოს უწყვეტი მიტინგები. ვიდგეთ გარეთ. ეს არის გამოსავალი. ხვალ სხვა ყველაფერი, გვიანი იქნება“

7. სტრატეგია აღმაშენებელი

თაკო ჩარკვიანი:

ფოტო: გიორგი ვაშაძე / Facebook

"უარს ვამბობ სადეპუტატო მანდატზე. მოვუწოდებ ყველა ოპოზიციონერს, დღეს შესვლა იმ პარლამენტში არის ქართული სახლმწიფოებრიობისთვის სილის გაწნა. ასეთი ტოტალური გაყალბება, მართლა არ ახსოვს ქართულ საზოგადოებას. ამიტომ ვთვლი, არალეგიტიმურად უნდა გამოცხადდეს და პარლამენტში შესვლას ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ".

8. ლელო:

"არჩევნები, რომელიც არ გამოხატავს თავისუფალი ადამიანების ნებას ვერ იქნება ლეგიტიმური. ლელო არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგს. მოვუწოდებთ ამომრჩეველს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთიანობისკენ. ლელო არ შეეგუება საქართველოში ხელისუფლების მიტაცებას და ქართული ოცნების მიერ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის დასამარებას".

ფიქრია ჩიხრაძე:

ფოტო: ლელო

"ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების გაყალბებულ შედეგებს. ჩვენს ამომრჩევლებს, სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებთ ერთიანობისაკენ, რადგან ლეგიტიმაციას მოკლებული პარლამენტი ვერ შესრულებს პოზიტიურ როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.