გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ იაგო ხვიჩიას მიერ ბავშვთა პორნოგრაფიაზე დაწერილ პოსტს ეთანხმება.

"იფიქრებენ გირჩის მხარდამჭერებიც, შეიცვლიან აზრს და ბოლოს გადმოვლენ ყველანი ჩვენს აზრზე. შეუძლებელია იაგო ხვიჩიას არ დაეთანხმო, არ შეიძლება უდანაშაულო ადამიანის დაჭერა ციხეში, მაყურებლის დაჭერა არ შეიძლება. არაფერი არ ამართლებს უდანაშაულო ადამიანის ციხეში დაჭერას", — განაცხადა მეგრელიშვილმა ფორმულას ეთერში.

რამდენიმე დღის წინ ხვიჩია იმ ადამიანის დაკავებას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალად ედება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა და სარგებლობა. მან Facebook-ზე დაწერა: "პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". სწორედ ამ პოსტს მოჰყვა მოქალაქეების, მათ შორის გირჩის მხარდამჭერების უკმაყოფილება და ხვიჩიას მიმართ კრიტიკა.

პარტიის ლიდერს ამ თემაზე განცხადება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაუკეთებია. 3 დეკემბერს კი განაცხადა, რომ დროა, ზურაბ ჯაფარიძემ ხმა ამოიღოს, რადგან ხვიჩიას მლანძღველების სიაში მისი მეგობრები და დამფინანსებლებიც არიან. ამის შემდეგ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მისი აზრით, ხვიჩიას განცხადება ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე არასწორი იყო, თუმცა არა შინაარსის, არამედ სხვა ფაქტორების გამო. თუმცა მას არ დაუზუსტებია, რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში. მანვე განმარტა, მისი აზრით, რა შემთხვევაში უნდა დაისაჯოს ადამიანი ბავშვთა პორნოგრაფიის ყურებისთვის და ამის რამდენიმე მაგალითი ჩამოთვალა.