ყოფილი დეპუტატი და ოლიმპიური ჩემპიონი, ზურაბ ზვიადაური აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა შესაბამისი განცხადება თელავის საქალაქო სასამართლოში უკვე ჩააბარა.

ზვიადაურთან ერთად აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილიც.

ზვიადაურსა და ჯანგირაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა. დაცვის მხარე მათ გათავისუფლებას გირაოსა და პირადი თავდებობის სანაცვლოდ ითხოვდა. ზვიადაურის თავისუფლების სანაცვლოდ, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, მისი ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ. მას, ასევე, თავდებში უდგებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები — ლაშა ტალახაძე და ლაშა ბექაური, ასევე ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ავთანდილ ჭრიკიშვილი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზაქარია ქუცნაშვილი.

რაც შეეხება ჯაბა ჯანგირაშვილს, რომელსაც პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, მის გასათავისუფლებლად ადვოკატმა 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

ზურაბ ზვიადაური პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 17 აგვისტოს დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, ზვიადაურმა სასიკვდილოდ დაჭრა პირი, რომელმაც მისი ძმა, ზვიად ზვიადაური მოკლა. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

გაიგე მეტი: