ქართული ოცნების დეპუტატის, სოზარ სუბარის განცხადებით, გიორგი გახარიას გუნდის იმ წევრებს, ვინც საკრებულოში მოხვდა, "სწორ მხარეს გადასვლაზე ელაპარაკებიან".

წამყვანმა აღნიშნა, რომ გახარიას პარტიაში მმართველ გუნდს მათი დეპუტატების გადაბირებაში ადანაშაულებენ, რის პასუხადაც სუბარმა თქვა:

"გადაბირება რას ნიშნავს? ველაპარაკოთ ადამიანს, რომ გადმოდი; ადამიანმა, ვისთანაც დადექი, რეალურად ჩაიდინა გუნდის ღალატი, ქვეყნის ღალატი, სამართლის ღალატი და არ არის სწორი იქ დგომა და გადმოდი სწორ მხარეს, ეს გადაბირება არ არის. ბუნებრივია ველაპარაკებით".

დამატებით კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ საკრებულოში შესულ გახარიას პარტიის წევრებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, ის პასუხობს: "ეს არის პოლიტიკური პროცესი".

14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მიმდინარეობისას ინტერნეტის ხარვეზზე საუბრობდა მთავრი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაც. ის ამბობდა, რომ აქციაზე "ყველაფრის დახშობა დაიწყეს".

სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ათასობით ადამიანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.