"თავისუფლება მიშას", — ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია დასრულდა. ის დღეს თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით დაიწყო და 18:00 საათისთვის თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლა.

სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციას მხარდამჭერები სხვადასხვა ქალაქიდან შეუერთდნენ. თბილისში წამოსულ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა კოლონებს გზებზე ცოცხებით დახვდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც გავრცელებულ ვიდეოებში ჩანდა, მობილიზებული პირები ცოცხებს მანქანებს ესვროდნენ და ოპოზიციურ პარტიას აგინებდნენ.

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის მორიგი წერილი წაიკითხა. წერილში ის საზოგადოებას "დიდი შერიგებისკენ" მოუწოდებს და ამბობს, რომ გვერდზე უნდა გადავდოთ წყენა და უარყოფითი ემოციები, რადგან კიდევ ერთი რევანში მორალურად გაგვანადგურებს.

სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ანზორ მელია, რომელმაც განაცხადა, რომ არჩევნების მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს ოპოზიცია, რადგან მათ "სხვა უფლება არ აქვთ". ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მან ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა და თქვა, რომ ივანიშვილმა ის "მწარედ მოატყუა".

ფოტო: ელენე ზაქაშვილი/On.ge

ფოტო: ელენე ზაქაშვილი/On.ge

ამასთან, აქციაზე ისაუბრა გიგი უგულავაც. მან ქართულ ოცნებას მიმართა და განაცხადა, რომ "სააკაშვილი აუცილებლად შეჭამს ხინკალს", ხოლო მათ მხოლოდ კუჭები დარჩებათ.

დღეს მხარდაჭერა გამოხატა უკრაინის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, იულია ტიმოშენკომაც და ვიდეომიმართვაში სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტს "აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში".

ფოტო: ელენე ზაქაშვილი/On.ge

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

აქციის დასასრულს იქ შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს, ხოლო ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ დააანონსა, რომ მეორე ტურის შემდეგ თავისუფლების მოედანზე კვლავ შეიკრიბებიან.

სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. მან იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. 10 ოქტომბერს, მისმა პირადმა, ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ თქვა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა. მომდევნო დღეს სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ამ საკითხებით უტრირება არ ღირს.