აირჩევენ თუ ვერა ბათუმის საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარეს — რა ხდება
დღეს ქვეყნის 64-ვე მინიციპალიტეტში საკრებულოების ახალარჩეული შემადგენლობები პირველად შეიკრიბება. დღესვე აირჩევენ თავმჯდომარეებს. მმართველ პარტიას ყველა საკრებულოში ყველაზე მეტი მანდატი აქვს, თუმცა უმრავლესობა ყველგან არ ჰყავს. შესაბამისად, რამდენიმე საკრებულოში მოსალოდნელია, რომ თავმჯდომარის ასარჩევი კენჭისყრის პროცესი ხმაურით ჩაივლის. მათ შორისაა ბათუმის საკრებულო, რომელიც განსაკუთრებული განხილვის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც არჩეული დეპუტატი, ნუგზარ ფუკტარაძე გარდაიცვალა.
წლის მიწურულს ნებისმიერი მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ჩვეულებრივ, ყველაზე ხმაურიანი დისკუსია მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვებს მოჰყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ, წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ბათუმის საკრებულოს 2022 წლის ბიუჯეტი ძველმა, 2017 წელს არჩეულმა დეპუტატებმა უკვე დაამტკიცეს, სავარაუდოა, რომ ქალაქში პოლიტიკური ტემპერატურა კვლავ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ჩვეულებრივ, საკრებულოს პირველ სხდომას უხუცესი წევრი ხელმძღვანელობს, იქამდე, სანამ საკრებულოს თავმჯდომარეს არ აირჩევენ. ამ მოწვევის ბათუმის საკრებულო სწორედ ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარს, ნუგზარ ფუტკარაძეს უნდა გაეხსნა. მისი გარდაცვალების შემდეგ პირველი სხდომის გახსნის უფლება ქართული ოცნების დეპუტატმა, ნერიმან ცინცაძემ მიიიღო.
როგორ გადანაწილდა მანდატები ბათუმის საკრებულოში არჩევნების შემდეგ?
2 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ბათუმის საკრებულოს 35 მანდატი პარტიებს შორის ასე გადანაწილდა:
- ქართული ოცნება — 16 მანდატი;
- ნაციონალური მოძრაობა — 15 მანდატი;
- საქართველოსთვის — 3 მანდატი;
- ლელო — 1 მანდატი.
ამ მოცემულობით, უმრავლესობა არცერთ პარტიას არ ჰქონდა, თუმცა თუ მიჯნას ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის გავავლებდით, ფაქტია, რომ შეთანხმების შემთხვევაში ოპოზიციას შეეძლო თავმჯდომარედ საკუთარი კანდიდატი აერჩია. ამის მიუხედავად, მმართველი პარტიის ლიდერები ირწმუნებოდნენ, რომ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა ექნებოდათ. ეს არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ არაერთხელ უთქვამს პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა პირდაპირ განაცხადა, რომ საკრებულოში მოხვედრილ გახარიას პარტიის წევრებს "სწორ მხარეს" გადასვლაზე ელაპარაკებიან.
5 ნოემბერს, ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში სპეციალური ბრიფინგი გამართეს და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა, შსს-ს მოქმედი მაღალჩინოსანი, დავით რიჟვაძე ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრების მიმართ მუქარასა და მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. გიორგი კირთაძე, რომელიც ამ არჩევნებში ბათუმის მერობის კანდიდატი იყო, აცხადებდა, რომ დავით რიჟვაძე მათი პარტიის სიით გასულ საკრებულოს დეპუტატებზე ზეწოლას ახდენდა.
აღსანიშნავია, რომ ჯამში ხმათა უმრავლესობის ქონის მიუხედავად, ოპოზიცია არ იყო ერთიანი. ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს პოზიცია თავიდანვე ცხადი იყო და თავმჯდომარის არჩევისას ისინი ერთ მხარეს მოიაზრებოდნენ, თუმცა ექსპრემიერ გახარიას პარტიის წევრებს თავიანთი პოზიცია ღიად არ დაუფიქსირებიათ. უფრო ზუსტად, ისინი ამბობდნენ, რომ მხარს არ დაუჭერდნენ არც ქართულ ოცნებას და არც ნაციონალურ მოძრაობას. საბოლოოდ, 22 ნოემბერს, პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, კახაბერ ქემოკლიძემ სპეციალური ბრიფინგი ჩაატარა, სადაც განაცხადა, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც მათ დეპუტატებს "გადამწყვეტი ხმა" ჰქონდათ, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატებს წარადგენდნენ, ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას კი მოადგილეობას სთავაზობდნენ.
გუშინ, გახარიას პარტიის სიით გასულმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ საკრებულოს სხდომას საერთოდ არ დაესწრეწბიან, მიზეზად კი ის დაასახელეს, რომ არც ქართულმა ოცნებამ და არც ნაციონალურმა მოძრაობამ მათი შეთავაზება არ მიიღეს.
როგორ ნაწილდება მანდატები ახლა?
29 ოქტომბერს, პარტია საქართველოსთვის აჭარის ორგანიზაციის წევრმა და ამავე პარტიის პროპორციული სიით ბათუმის საკრებულოში მოხვედრილმა დეპუტატმა, ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. პოსტში, სადაც ამის შესახებ წერდა, აღნიშნა ისიც, რომ მისთვის მიუღებელი იყო თანამშრომლობა ნაციონალურ მოძრაობასა და ლელოსთან. შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის არჩევისას ის ქართული ოცნების მხარეს მოიაზრება. ამ მოცემულობით, ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში 1 ხმა დააკლდა.
18 ნოემბერს ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან ერთი კვირის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის აჭარის ორგანიზაციაში კიდევ ერთი საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც დავით რიჟვაძე კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს მოსყიდვის მცდელობასა და მუქარაში. გიორგი კირთაძემ ამჯერად აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომელშიც, მისი განმარტებით ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლაა ასახული. ნაციონალური მოძრაობა ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებაში ქართულ ოცნებას, კონკრეტულად კი დავით რიჟვაძეს ადანაშაულებს.
გამომდინარე იქიდან, რომ ნუგზარ ფუტკარაძე მაჟორიტარი დეპუტატი იყო, მისი ჩანაცვლება საკრებულოში შუალედური არჩევნებით უნდა მოხდეს, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, მომავალი წლის მაისში უნდა გაიმართოს.
იქამდე, ბათუმის საკრებულოში 34 წევრი რჩება: 16 (ქართული ოცნება) + 1 (ირაკლი თავდგირიძე) — 17 ხმა მმართველი პარტიის სასარგებლოდ და 15 (14 — ნაციონალური მოძრაობა, 1 — ლელო) ოპოზიციის მხარეს, ხოლო 2 გახარიას პარტიის წევრი.
საკრებულოს თავმჯდომარის არჩევას წევრთა უმრავლესობა სჭირდება. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თავმჯდომარე ვერ აირჩიეს?
საია-ს იურისტი, ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ თავმჯდომარის ვერარჩევის შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადებითა და პროცედურებით კენჭისყრა განმეორებით ჩატარდება იქამდე, სანამ ვინმეს არ აირჩევენ. აღსანიშნავია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ერთი და იმავე პირის წარდგენა შეიძლება ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
იქამდე, სანამ საკრებულოს თავმჯდომარე არ ეყოლება, სხდომებს უხუცესი წევრი გაუძღვება. შეძლებს თუ არა საკრებულო თავმჯდომარის გარეშე ფუნქციონირებას? მენაბდე განმარტავს, რომ კანონში ამის შესახებ მკაფიო ჩანაწერი არ არსებობს და ეს მთლიანად დეპუტატებზეა დამოკიდებული.
"მკაფიოდ არ არის დარეგულირებული და გააჩნია, თავად საკრებულო როგორ განმარტავს და საკრებულოს წევრები რამდენად შეთანხმდებიან ერთმანეთთან [...]
თუ ვერ შეძლებენ, მაშინ ეს არ იქნება კარგი, არასტაბილურ გარემოს შექმნის და ქალაქი არ უნდა გაჩერდეს, ხო? მე უფრო იმ განმარტების მომხრე ვიქნებოდი და ისე განვმარტავდი ამ კანონს, რომ ჩიხური მდგომაროება არ შექმნილიყო. ხისტად არ მივუდგებოდი ამ პრობლემას და თავმჯდომარის გარეშე რამდენადაც შეიძლება ფუნქციონირება, იმდენად დავუჭერდი ხმას ამ განმარტებას", — უთხრა მენაბდემ On.ge-ის.
აირჩევენ თუ ვერა საკრებულოს თავმჯდომარეს ბათუმში პირველივე სხდომაზე, ამას დღის განმავლობაში გავიგებთ. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას ადგილობრივი თვითმმართველობა ქალაქში.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები