რუსეთის მტკიცების პარალელურად, რომ უკრაინის საზღვრის სიახლოვიდან რუსული ჯარები გაჰყავთ, საერთაშორისო მედია, მათ შორის CNN და AP News, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო დღეებში უკრაინის საზღვართან რუსული ჯარისკაცების რიცხვი 7 000-ით გაიზარდა.

"ახლა ყველაფერი აჩვენებს, რომ ისინი მხოლოდ საჯაროდ აკეთებენ მოლაპარაკებებსა და დეესკალაციაზე შეთავაზებას, მაშინ, როცა დახურულად ომისთვის ემზადებიან", — განაცხადა ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან მყოფი ჯარები წვრთნების დასრულების შემდეგ მუდმივი განლაგების პუნქტებს უბრუნდებიან. სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქების ზოგიერთმა ქვედანაყოფმა დაასრულა წვრთნები და ბაზაზე დაბრუნება უკვე დაიწყო.

ამას გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და განაცხადა, რომ ამას რეალურად ვერ ხედავენ და მხოლოდ ესმით მის შესახებ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსულ სამხედრო ძალებს უკრაინის საზღვარი არ დაუტოვებიათ. მისი თქმით, რუსეთის ქმედებები და განცხადებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

პენტაგონის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საზღვართან და ბელარუსის ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალები განათავსა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს.