აშშ-მა რუსეთის 4 მსხვილ, მათ შორის, VTB ბანკს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთს გაეყინება ყველა აქტივი, რაც აშშ-ში აქვს.

"ჩვენ შევზღუდავთ რუსეთის შესაძლებლობას, გააკეთოს ბიზნესი დოლარებში, ევროში, ფუნტებსა და იენებში, რაც გლობალური ეკონომიკის ნაწილად ყოფნისთვისაა საჭირო. ჩვენ დამატებით ვბლოკავთ 4 მსხვილ ბანკს, ეს ნიშნავს, რომ ყველა აქტივი, რაც აშშ-ში აქვთ, გაიყინება. ეს მოიცავს VTB ბანკს, რუსეთში მეორე ყველაზე დიდ ბანკს", — თქვა მან.

ბაიდენმა აღნიშნა, რომ ბანკები, რომლებსაც სანქციები დაუწესეს, ჯამში 1 ტრილიონი დოლარის აქტივებს ფლობენ. მისივე თქმით, აშშ შეზღუდავს რუსეთის არმიის დაფინანსებისა და ზრდის შესაძლებლობას, შეაფერხებს მათ უნარს, კონკურენცია გაუწიონ 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიურ ეკონომიკას.

აშშ სანქციებს უწესებს კრემლის ელიტასა და მათი ოჯახის წევრებსაც. ამასთან, როგორც ბაიდენმა ისაუბრა, აშშ-ის ძალები უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტში არ ჩაებმებიან.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 650$ მილიონზე მეტი თავდაცვითი დახმარება გავუწიეთ უკრაინას... გასულ წელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ძალები არ იქნებიან ჩართულები რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში. ჩვენი ძალები არ მიდიან ევროპაში, რომ უკრაინაში იბრძოლონ, არამედ მიდიან NATO-ს წევრების დასაცავად და აღმოსავლეთში მოკავშირეების დასამშვიდებლად. მე მკაფიოდ განვაცხადე, რომ აშშ სრული ძალებით დაიცავს NATO-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს", — თქვა მან.

პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო, რომელსაც თავად სპეციალურ "სამხედრო ოპერაციას" უწოდებს. უკრაინული მედიისა და სახელმწიფო სტრუქტურების ინფორმაციით, თავდასხმები ხორციელდება არაერთ ქალაქში და იბომბება დასახლებული პუნქტები, მათ შორის კიევში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა და მოუწოდა ხალხს, არ აჰყვნენ პანიკას.

სიტუაცია მუდმივად იცვლება. ზელენსკი ამბობს, რომ რუსული საოკუპაციო ძალები ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციულ ზონაში შევიდნენ. იზრდება დაღუპულთა რიცხვიც — ხერსონის ოლქში დაბომბვის შედეგად დაიღუპა 13 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი და 9 სამხედრო მოსამსახურე. კიევთან ახლოს რუსეთის თავდასხმას კი 7 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, CNN ადგილზე მყოფ ჟურნალისტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსულმა საჰაერო-სადესანტო ძალებმა კიევთან ახლოს მდებარე ანტონოვის აეროპორტზე კონტროლი აიღეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში

გაიგეთ მეტი: