ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელის ლევან ახვლედიანის თქმით, იგი მზადაა პარლამენტში მივიდეს მთავრობასთან ერთად და საქმიან ფორმატში ისაუბროს პროექტზე.

"მზად ვართ მივიდეთ და ღიად ვისაუბროთ პროექტის შესახებ, მის მნიშვნელობაზე. ჩვენ არ ვიცით პასუხი, მაგრამ სასურველი იქნებოდა ეს ერთობლივად მოხდეს ჩვენსა და სამინისტროს მიერ. ეს უფრო საქმიან ფორმატს შესძენს", — განაცხადაკონსორციუმის ხელმძღვანელმა.

ლევან ახვლედიანი აბრეშუმის გზის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, სადაც 2 ათასამდე დელეგატია ჩამოსული. მისი თქმით კონსორციუმი ფორუმზე შეხვედრების გამართვას გეგმავს:

"ვაპირებთ, სტუმრებს გავაცნოთ პროექტისა და ჩვენი გეგმების შესახებ".

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი და კობა ნარჩემაშვილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და მთავრობას პარლამენტში მოსვლასა და ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით ღია ფორმატში საუბარს სთავაზობს.

ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა 2020 წლამდე გაუხანგრძლივა. 15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მთავრობამ ანაკლიის პროექტის "საბოტაჟირება მოახდინა" ბოლო რამდენიმე თვის და კვირის განმავლობაში. ლევან ახვლედიანის თქმით, კულუარებში მთავრობამ არaერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ "ანაკლია არაა რენტაბელური" ან "კომერციულად გამართლებული".

ანაკლიის პორტის გაურკვეველი მომავალი

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკში მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე.

მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".

შემდგომში უკვე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს.

2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებდა, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონტი ჯგუფს ისედაც ძალიან პასიური როლი ჰქონდა.