შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტის დეპუტატები თენგიზ გუნავა და გიგა ბოკერია არ დაუკავებიათ. ორივე დეპუტატი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციამ წაიყვანა. მიზეზი აქციაზე წალმის მიტანა იყო, რომლითაც რუსთაველზე შეკრებილებს გათბობა უნდათ.

ბოკერიას ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ განარიდეს. თუმცა, მისივე თქმით, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც გაიყვანეს, აგრესიულად იყვნენ განწყობილი.

საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის დეპუტატს იმუნიტეტი იცავს და მისი დაკავება, გარდა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისა, აკრძალულია. ბოკერია ამ ეტაპისთვის უკვე თავისუფალია, გუნავას შემთხვევაში დეტალები უცნობია.

ბოლო რამდენიმე საათი პოლიცია აქციის მონაწილეებს, მათ შორის პარლამენტის დეპუტატებს უკრძალავს და ართმევს შეშას, რომელიც მათ რუსთაველზე აქციის მონაწილეთა გასათბობად მიაქვთ. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ეს პოლიციელების მხირდან კანონიერი ქმედებაა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებს ბოქლომებს ადებენ. პროტესტის მონაწილეებმა სიმბოლურად უკვე "დააბოქლომეს" პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, მთავრობის კანცელარია. ასევე, ისინი ბოქლომს ადებენ მაჟორიტარი დეპუტატების ოლქებს.

ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა აჭარის უმაღლესი საბჭოს ჭიშკარზე ბოქლომი ჩამოკიდეს. გარდა ამისა, ბოქლომები დაადეს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის ბიუროს ოფისებს. "დაბოქლომებულია" ასევე მთავრობის კაცელარია, პროკურატურა და პრეზიდენტის რეზიდენცია.