საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის "პიროვნული რეპუტაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომას" სამწუხაროდ მიიჩნევს. მათი თქმით, ბასილაშვილს იცნობენ, როგორც შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას.

კომიტეტი აცხადებს, რომ გმობენ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს, მოუწოდებენ ყველას, რომ დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმცია და განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან.

მსოფლიოს 27-ე და საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. როგორც მისი ადვოკატი, ირმა ჭკადუა ამბობს, სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამავე საქმეზე ჩოგბურთელის მამის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ბასილაშვილმა ყოფილ ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა 21 მაისს მიაყენა, მეორე დღეს კი ის დააკავეს. საქმის შესწავლა დაიწყო სახალხო დამცველმაც.

როგორც დაზარალებული ქალი, ნეკა დოროყაშვილი ყვება, სპორტსმენმა მას ფიზიკური დაზიანებები მიაყენა, ხოლო ყოფილი მამამთილი დიდტარიანი საგნით გაეკიდა. მისივე თქმით, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა ის შვილის წამოსაყვანად ბასილაშვილის სახლში მივიდა. როგორც ის ამბობს, დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე არ იცის. დოროყაშვილის განმარტებით, ქონებრივი დავა არ ჰქონიათ, რადგან დიდი ხნის წინ მოლაპარაკებით დასრულდა.

"ბავშვს რომ მივაკითხე წამოსაყვანად, არ ვიცი რა მოუვიდა [მამას] რა დაემართა, არ ვიცი მთვრალი იყო თუ რა იყო, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, მე ამას ვერ ვადასტურებ, რადგან დიდი ტარი ჰქონდა და მე ნაჯახი მეგონა", — აღნიშნა ქალმა.

თვითონ სპორტსმენი და მისი ოჯახი ბრალდებებს უარყოფენ. ჩოგბურთელი აცხადებს, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ აპირებს საჯარო დისკუსიაში შესვლასა და საქმის დეტალებზე საუბარს.