საოლქო საარჩევნო კომისიებთან, სადაც ამ წუთებში საჩივრებსა და ოქმებს განიხილავენ, აქციები მიმდინარეობს. როგორც ტელევიზიებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ოქმების დათვლის პარალელურად, აქციები იმართება რამდენიმე უბანზე. მათ შორის, საბურთალოს საოლქო კომისიასთან. მედიით გავრცელებულ კადრებში ვხედავთ, რომ აქცია აქ რამდენიმე წუთის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირებისა და დაძაბულობის ფონზე გრძელდებოდა. იქ იმყოფებოდა პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილიც. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აქციაზე დაპირისპირების დროს სამი პირი დააკავეს.

ამასთან, აქცია იმართება წყალტუბოშიც, სადაც ნაციონალური მოძრაობის — ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანიც იმყოფება. მისი თქმით, მას უბანზე შესვლისა და კითხვების დასმის საშუალებას არ აძლევდნენ.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულმა რვავე ოპოზიციურმა პარტიამ მანდატებზე უარი თქვა. ისინი პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამბობენ, რომ არჩევნების დღეს გაყალბების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდება.

პარლამენტში არ შედიან ევროპული საქართველო, ლელო, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია, მოქალაქეები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი, ლეიბორისტული პარტია და პატრიოტთა ალიანსი.

მანდატების დათმობაზე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის ღამეს საუბრობდა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება — 48,23%;
  • ენმ — ძალა ერთობაშია — 27,16%;
  • ევროპული საქართველო — 3,78%
  • ლელო — 3,16%;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  • გირჩი — 2,89%;
  • მოქალაქეები — 1,33%;
  • ლეიბორისტული პარტია — 1%;

ოპოზიციური პარტიებში აცხადებენ, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლა არასწორი იქნება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. პატრიოტთა ალიანსის გარდა, ბარიერგადალახული პარტიები ახლა საერთო აქციების გამართვას აპირებს. პატრიოტთა ალიანსში კი აცხადებენ, რომ დამოუკიდებლად იმოქმედებენ.