ძველი პეტიცია, რომელიც Disney-ს მოუწოდებს, ჯონი დეპი კარიბის ზღვის მეკობრეების (Pirates of the Caribbean) ფრენჩაიზში დააბრუნოს, ისევ ამოტივტივდა და 300 ათას ხელმოწერას გადააჭარბა.

ჯონი დეპის განსახიერებული ექსცენტრული კაპიტანი ჯეკ ბეღურა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, რომლის გამოც კარიბის ზღვის მეკობრეებმა ასეთ წარმატებას მიაღწია 2003 წელს შავი მარგალიტის წყევლის (The Curse of the Black Pearl) გამოსვლის შემდეგ, როლმა კი მსახიობს ოსკარის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაც მოუპოვა.

მიუხედავად ამისა, ფრენჩაიზმა დაღმასვლა განიცადა მეხუთე ფილმით მკვდრები ზღაპრებს არ ჰყვებიან (Dead Men Tell No Tales), რომელშიც ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა და რომელიც მისი ჩახლართული სცენარის გამო გააკრიტიკეს. Disney-მ განაცხადა, რომ მეექვსე ფილმით ფრენჩაიზის თავიდან დაწყება იგეგმებოდა და მასში დეპის ჯეკ ბეღურა არ გამოჩნდებოდა. ფანები განარისხა იმ ამბავმა, რომ დეპი კაპიტნის როლს არ დაუბრუნდება, რადგან ის ბევრისთვის ფილმების სერიის მთავარი გული იყო.

ამასობაში დეპი 2016 წელს ხმაურიანი დაშორების შემდეგ თავის ყოფილ ცოლთან, ამბერ ჰერდისთან, იურიდიულ ბრძოლას აწარმოებს. მას შემდეგ, რაც ნოემბრის დასაწყისში სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ამბერ ჰერდზე ძალადობდა, Warner Bros.-მა მსახიობს ჯადოსნური ცხოველების ფრენჩაიზში გრინდელვალდის როლის დატოვება მოსთხოვა. სწორედ ამის შემდეგ ამოტივტივდა Change.org-ზე ის პეტიცია, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ შეიქმნა დეპის ჯეკ ბეღურას როლზე დასაბრუნებლად, და მას ახლა 300 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვს.

ეს პირველი პეტიცია არ არის, რომელიც დეპის ბოლოდროინდელი სკანდალების დროს შეიქმნა. გრინდელვალდის როლიდან მსახიობის ჩამოშორების შემდეგ ფანებმა შექმნეს პეტიცია, რომელიც Aquaman 2-იდან ამბერ ჰერდის გაშვებას ითხოვს, რადგან, მათი რწმენით, მანაც ისეთი შედეგები უნდა იწვნიოს, როგორიც დეპმა. პეტიცია მილიონ ხელმოწერას გადასცდა, თუმცა Warner Bros.-ს არ შეუძლია ჰერდის დათხოვნა ისე, როგორც ეს დეპს გაუკეთა. როგორც წესი, სტუდიებს არ შეუძლიათ მსახიობთან კონტრაქტის გაწყვეტა, თუკი მათ წინააღმდეგ სამართლებრივი საქმე არ აღძრულა.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და, ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.

ამავე თემაზე: